კატეგორიები

მოქალაქეების შეკრება ტროტუარებზეც იზღუდება – კანონი პირველი მოსმენით დამტკიცდა

მოქალაქეების შეკრება ტროტუარებზეც იზღუდება – კანონი პირველი მოსმენით დამტკიცდა

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში „ქართულ ოცნებას“ ისევ შეაქვს ცვლილებები. მმართველი პარტია გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის შეზღუდვის შემდეგ ამჯერად მოქალაქეთა საპროტესტო შეკრებას ტროტუარებზე ამკაცრებს. ცვლილების ავტორები ირწმუნებიან, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა არც ავტომობილებით გადაადგილებულ მოქალაქეებს უნდა შეუქმნან პრობლემა და არც ფეხით მოსიარულეებს.

შეზღუდვების მიხედვით, ფაქტობრივად იკრძალება სპონტანური შეკრება და პროტესტი, რადგან აქციის გამართვისთვის ნებართვა პოლიციას ხუთი დღით ადრე უნდა სთხოვონ მოქალაქეებმა. პოლიცია კი მათ შეკრების ადგილს და დროს განუსაზღვრავს. თუ ამ მოთხოვნას არ დაემორჩილებიან, პროტესტის მონაწილეებზე იგივე სანქციები ამოქმედდება, რაც სავალი გზის გადაკეტვის შემთხვევაშია გათვალისწინებული. კერძოდ, პირველ ჯერზე 15 ან 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო გამეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 1 წლამდე ვადით პატიმრობა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პროტესტის შეზღუდვის ეს ფორმა დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეკრების, მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება შეტანილი უნდა იყოს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს ხუთი დღის. კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იქნება, გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს გაფრთხილება, ასევე არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში შეთავაზებული ალტერნატიული დრო, ადგილი ან სვლაგეზი, თუ სამინისტრომ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო”.

პროექტში აღნიშნულია, რომ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

„ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე უფლებამოსილია, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებსა და ორგანიზატორს მიმართოს და გააფრთხილოს იმის თაობაზე, რომ თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეკრება-მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ და შეიძლება გამოყენებული იყოს საერთაშორისო სამართლითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები“, – ნათქვამია პროექტში.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მორიგი შეზღუდვით მმართველი პარტია საპოლიციო რეჟიმად ჩამოყალიბებას ცდილობს. მათივე თქმით, ამ ცვლილების მიღების შემდეგ ფაქტობრივად კანონით აიკრძალება სპონტანური შეკრება და მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ, როცა სურთ და სადაც, გააპროტესტონ ხელისუფლების მიერ მათთვის მიუღებელი ქმედება ან გადაწყვეტილება. ეს კი მათივე შეფასებით, არადემოკრატიული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან შეუსაბამო გადაწყვეტილებაა.

„რუსული რეჟიმი ცდილობს, ამ ქვეყანაში დარჩენილი თავისუფლების ბოლო ნიშაც ამოქოლოს. ეს არის რუსთაველის გამზირის პროტესტი, მშვიდობიანი დემონსტრაციები.

ახლა ახალი დრაკონული კანონებით ამკაცრებს „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის რეგულაციებს. ფაქტია, რეჟიმს რუსთაველის პროტესტი, თუნდაც ერთი ადამიანის აქცია აწუხებს, ახლა კი ცდილობს, თუნდაც, ტროტუარზე მდგომ ადამიანებს აუკრძალოს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა. ეს არის გზა, რომელიც გაიარა რუსეთმა, ამ გზის გატარება უნდა საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ისინი არიან წინააღმდეგობაში უწყვეტად 1 წელია და აუცილებლად ერთად ყველა მივაღწევთ იმ საბოლოო მიზანს, რასაც ჰქვია რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა „ძლიერი საქართველო – ლელოს” წევრმა გიორგი სიორიძემ.

ცვლილებათა პაკეტის მიღება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე 8 დეკემბერს გადაწყვიტეს. 9 დეკემბერს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მიიღო. ამ ცვლილებებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და სავარაუდოდ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღებენ.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები