„ქართული ოცნება“ მორიგ ჯერზე გეგმავს, გაამკაცროს შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესაბამისი ცვლილებები მმართველმა პარტიამ უკვე დაარეგისტრირა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და მას დაჩქარებული წესით განიხილავს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი ვალდებული იქნება, სახელმწიფო ორგანო წინასწარ გააფრთხილოს, თუკი შეკრება-მანიფესტაცია „ხალხის მოძრაობის ადგილას იმართება“, ასევე თუ ის „საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებასა და ტრანსპორტის გადაადგილებას“.
ყველა ამ შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება შეკრების მონაწილეებს მისი ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროისა ან/და მარშრუტის შესახებ მიუთითოს.
ამასთან, მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს – რა სახის, ეს ჯერჯერობით უცნობია.
პარლამენტი ამ ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით აპირებს. საკანონმდებლო ორგანოს დრო 19 დეკემბრის ჩათვლით აქვს – ამ დღეს საშემოდგომო სესია იხურება.
შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ეს „ქართული ოცნების“ უკვე მესამე ცვლილებებია 2025 წლის დასაწყისიდან.
ბოლო შესწორებით, რომელიც ძალაშია 16 ოქტომბრიდან, საპროტესტო აქციებზე აიკრძალა სახის დაფარვა და გზის გადაკეტვა. ამ მიზეზით, ათობით მოქალაქე დააკავეს, რომელთა უმრავლესობას 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
