კატეგორიები

სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლის ძმა ვასილ მხეიძე.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომლის თანახმადაც, ამ საქმეში ბრალდების მხარეს 135 მოწმე ჰყავს, ასევე არსებობს ათეულობით ექსპერტიზა და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რაც, პროკურორის მტკიცებით, ადასტურებს დაკავებულ პირთა ბრალეულობას.

პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ესაჭიროება ყოველდღიური რეაბილიტაცია, რაც, როგორც ამბობს, ვერ ხერხდება პენიტენციურ დაწესებულებაში.

მისივე განცხადებით, საქმის სასამართლო განხილვის პროცესში, პროკურატურამ ვერცერთი ხელშესახები მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

თავდაცვის უწყების ყოფილ ხელმძღვანელ ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯუანშერ ბურჭულაძეს ემუქრება პატიმრობა 9-დან 12 წლამდე ვადით.

ამავე საქმეზე დაკავებულთა შორის არის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური, რომელსაც 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

პროკურატურის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით, სასჯელის ამ ზომის გამოყენება განპირობებულია ვლადიმერ ღუდუშაურის აღიარებითი ჩვენებითა და გამოძიებასთან თანამშრომლობით.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები