კატეგორიები

საია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

საია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში ციხის ადმინისტრაცია გეგმავს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისათვის, თვალზე კვლევების ჩატარებას იმ კლინიკაში, რომელიც მან შეარჩია.

მანამდე, 8 დეკემბერს კი საიამ განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს მხედველობა საგანგაშოდ დაუქვეითდა.

ორგანიზაციამ  გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მხედველობასთან დაკავშირებული სამედიცინო ისტორია, რომელშიც ნათქვამია, რომ 2013 წელს, მარცხენა თვალზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მას რეგულარულად, ყოველ 3-6 თვეში ერთხელ სჭირდებოდა მაღალტექნოლოგიური ოფთალმოლოგიური კვლევები.

ამავე ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის იანვრიდან, ყოველთვიურად, მზია ამაღლობელის მხედველობა სულ უფრო და უფრო მეტად ქვეითდებოდა, ხოლო ივლისის შემდეგ მას ხელახალი კვლევები აღარ ჩატარებია.

საია წერს, რომ მიუხედავად საგანგაშო სამედიცინო შეფასებებისა, „სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად, ასევე, არ დადგენილა მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი“.

ორგანიზაციის განცხადებით, პირის პატიმრობისას, სახელმწიფოს ეკისრება მისი ჯანმრთელობის დაცვისა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის გაძლიერებული ვალდებულება.

საია განმარტავს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს: სათანადო ხარისხის სამედიცინო მომსახურება, სპეციალისტებთან წვდომა, დროული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური მკურნალობის დაგეგმვა.

განცხადების ბოლოს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მოთხოვნების ადრესატები არიან იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებისგან მოითხოვს მზია ამაღლობელის გადაყვანას ოფთალმოლოგიის სერვისით სრულად აღჭურვილ კლინიკაში, ორივე თვალზე მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის ჩატარებასა და მხედველობის შესანარჩუნებლად მკურნალობის სრული გეგმის შერჩევას.

ომბუდსმენის აპარატისგან კი საია მოითხოვს, მოკლე ვადაში შეფასდეს, დაირღვა თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მომსახურების უფლება, ასევე სახალხო დამცველმა, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს პროფილური სამედიცინო ექსპერტიზა შეფასების მოსამზადებლად.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები