კატეგორიები

„პოლიციის შესახებ“ კანონში რამდენიმე ცვლილება შედის

„პოლიციის შესახებ“ კანონში რამდენიმე ცვლილება შედის

8 დეკემბერს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე „პოლიციის შესახებ“ კანონში განიხილეს შესატანი ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება.

ცვლილებების თანახმად, პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო ამავე პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება სპეციალური წოდება – ლეიტენანტი.

კანონპროექტის ინიციატორია შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ხელმძღვანელის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი სპეციალობა – საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმიანობა, რომლის შემადგენელი ნაწილი იქნება ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება. მისივე განმარტებით, ცვლილებები სრულყოფილად, სავარაუდოდ, 2027 წლიდან ამოქმედდება, რა დროსაც პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაძლებელი იქნება პირველი ნაკადის მიღება.

კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას, სიტყვით გამოვიდა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ტატა ხვედელიანი.

მისი განცხადების ადრესატი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელსაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანქცირებული უწოდა, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციას კი მშვიდობიანი, რა დროსაც, ტატა ხვედელიანის თქმით, სამართალდამცველებმა იძალადეს:

„ადამიანები გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ თქვენი მთავრობის შეცვლილ კურსს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იყო მშვიდობიანი აქცია, ისინი აპროტესტებდნენ მშვიდობიანად და თქვენმა თანამშრომლებმა, ჩემდა სამწუხაროდ, იძალადეს ამ ადამიანებზე.

500-მდე პირი არის დაზარალებული ამ პროცესში, რომელზეც თქვენს უწყებას არ დაუწყია არანაირი მოკვლევა, არც გამოძიება, მაშინ, როცა ვხედავთ ყოველდღიურად პირბადეებისა და ტროტუარებზე დგომისთვის როგორ აკავებთ ადამიანებს.

ამისთვის თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს გახსოვდეთ ყოველთვის. ჩემდა სამწუხაროდ, არაფერი დარჩა იმ პოლიციისგან, რომელიც იყო საზოგადოებაზე ორიენტირებული…“

ოპოზიციონერ დეპუტატს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, ასევე ამავე კომიტეტის წევრებმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გენრიეტა წიწავამ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, ეკა სეფაშვილმა.

მოგვიანებით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ:

„ჩვენ კარგად ვნახეთ, რაც ხდებოდა და არაერთი თქვენი კოლეგა, 171 პოლიციელია დაშავებული. ადამიანებმა მხედველობა დაკარგეს, სმენა დაკარგეს, სერიოზულად დასახიჩრდნენ. შეგვიძლია, პარლამენტის შენობაც ვნახოთ, რა მდგომარეობაში იყო, 1990-იანი წლების შემდეგ ასეთი დაზიანებული საქართველოს პარლამენტი არ გვინახავს. რუსთაველის გამზირზე ერთი საგზაო ნიშანი არ იყო დარჩენილი, არ ვიძახი კერძო საკუთრებას რა უქნეს და როგორ გაანადგურეს, რა დღეში ჩააგდეს. თუ ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ამ შემთხვევაში, პოლიციამ ძალას გადაამეტა… შესაძლებელია იყო გარკვეული შემთხვევები, სადაც ხდებოდა ძალის გადამეტება, მაგრამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ფეიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე და არაერთი ადამიანი დაშავდა თან სერიოზულად და დღემდე ეს ხალხი ჭრილობებს იშუშებს…

რაც შეეხება ჩემი სანქცირების საკითხს, როცა ევროპულ ღირებულებზე საუბრობთ, მივიღე სანქციები ყოვლად დაუსაბუთებლად. ერთი არგუმენტი, ერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა, ჩემი მხრიდან რაში გამოიხატა კანონდარღვევა. მხოლოდ 2 ხაზი, ბრიფინგი რატომ ჩაატარეო, დაახლოებით ასეთი არგუმენტი იყო მოცემული. ამ დროს, ყოველგვარი სასამართლოს, შეპასუხების, მტკიცებულების გარეშე მივიღე ეს სანქციები. თუ ეს ასეა საჭირო, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისა და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მზად ვარ, რომ ასეთი სანქციები მივიღო, როცა საპირწონედ დგას ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო გადატრიალება…“

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები