კატეგორიები

ხელისუფლების ოპონენტებს სუსის გამოძიების არ სჯერათ

ხელისუფლების ოპონენტებს სუსის გამოძიების არ სჯერათ

ნივთიერება „ქლორო ბენზილიდინ მალონონიტრილი“ და „პროპილენ გლიკოლის“ გამხსნელი ხსნარი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, ეს ნაერთები გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 4-5 დეკემბრის ღამით ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის დასაშლელად.

უწყების ამ განმარტებას არ ეთანხმებიან ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციური „ლელოს“ კოალიცია მოითხოვს, სუსში მიმდინარე გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ.

ამასთან, ექსპრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარლამენტში შესული პარტია, საკანონმდებლო ორგანოში მოითხოვს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

ოპოზიციური გაერთიანება არ ენდობა არც ქართული მართლმსაჯულების სისტემასა და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, თუმცა, ამავე დროს ბოლომდე არც მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას აღიარებს.

„ახლა არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს პოლიტიკურ გემოვნებას, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას, იმას, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გამოიყენა ისეთი ქმედებები მიტინგის დასაშლელად, რომლის გამოყენებაც უბრალოდ არაადამიანურია. ამ კრიზისიდან გამოსავალია პროცესის ღიაობა, სადაც უნდა დადგინდეს, რა პროცედურები იყო განხორციელებული, შეიძლებოდა თუ არა წყლის ჭავლში რაიმე მინარევის გაკეთება, ეს მინარევი მაღალი ტოქსიკურობის იყო თუ არა. ამ კითხვებს პასუხი გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ მთელი პროცესი ღია იქნება. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ ასეთ გამოძიებები ღია უნდა იყოს…“ – განაცხადა „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა.

ოპონენტთა კრიტიკის საპასუხოდ, მმართველი პარტია განმარტავს, რომ სუსმა 6 დეკემბრის ბრიფინგით „ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩატარებული გამოძიება სარწმუნოა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისთვისაც:

„160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, 90-მდე პირი გამოიკითხა, ჩატარდა ექსპერტიზები, გამოთხოვილია ყველა შესაბამისი რელევანტური დოკუმენტაცია, რომლებიც აუცილებელი იყო ამ საქმის გამოძიებისთვის და დადგინდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმოქმედა კანონის შესაბამისად.

არ დადასტურდა, თითქოს, გამოყენებული იყო ნივთიერებები, რომლებიც იყო აკრძალული და შეიცავდა ნივთიერება „კამიტეს“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არის აკრძალული.

შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი. შესაბამისად, აქ უკვე სპეკულაციები აღარ არსებობს. დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე და საერთოდ არ შეიცავდა სიმართლეს…“ – თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

„თუკი გადავხედავთ იმ ჩვენებებს, რომელთა საფუძველზეც BBC-ის სიუჟეტი ხელოვნურად შეიქმნა, რასაკვირველია, კრიტიკას ვერ უძლებს, ვერც თუთიყუშის ბუმბულის ცვენა და ვერც ის, რომ ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა ორი კვირის განმავლობაში.

გამოსაძიებელი დარჩა, რამდენად იყო ეს პროცესი დაკავშირებული კონსპირაციასთან, რომელსაც შესაძლოა, მიზნად ჰქონოდა საქართველოს ავტორიტეტის დაზიანება…“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყების მიერ ორიდან ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია.

კერძოდ, საუბარია „სამსახურებრივი უფლებრივი გადამეტების“ შესაძლო შემთხვევაზე. სუსი ახლა იკვლევს მხოლოდ „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“, რომელთა სამიზნენი არიან, მათ შორის, BBC-ის მიერ მომზადებული საგამოძიებო მასალის ფარგლებში ჩაწერილი რესპონდენტები.

ვიდრე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვენ, საგამოძიებო პროცესში ჩართონ საერთაშორისო ექსპერტებიც, ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეროვნულ დონეზეც რჩება პასუხგაუცემელი კითხვა – რა გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე ღამის პერიოდში, საპროტესტო აქციების დაშლისას.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები