მთავარიმსოფლიოკავკასიაეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ცნობას ეხმაურება

ეკონომიკის სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ცნობას ეხმაურება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმადაც, თბილისი „აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შესაფერხებლად სატარიფო ბარიერებს ქმნის”.

უწყების ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს რკინიგზა ტვირთის გადაზიდვას ერთჯერადად, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს, რის შესახებაც მხარეებს უკვე ეცნობათ.

ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, საქართველო რჩება სომხეთისა და აზერბაიჯანის პარტნიორად და სტრატეგიულ მოკავშირედ და მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობასა და თანამშრომლობას.

ქართული მხარის გამოხმაურება მოჰყვა გასულ კვირას ერთ-ერთ აზერბაიჯანულ გამოცემაში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას.

კერძოდ, მედიასაშუალება წერდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობის გამო სომხეთს სურს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტი საქართველოს გავლით დაიწყოს, თუმცა, ამას საქართველოს მიერ მოთხოვნილი მაღალი სატრანზიტო ტარიფი აფერხებდა.

გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ 111 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე სარკინიგზო ტრანზიტისთვის ტონაზე 92 ამერიკული დოლარის ოდენობის ტარიფი მოითხოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend