შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების მიერ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ბოლო 48 საათში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს.
დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაცია, ასევე რეალიზაციის ხელშეწყობა:
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ – აუდიო და ვიდეოჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდა. რეალიზაციისთვის ისინი სხვადასხვა გზასა და მეთოდებს მიმართავდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი”, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მდმა“, „მეტადონი“, ,,სუბოტექსი”, „ბუპრენორფინი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა””, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ გიორგი სახოკიამ.
ძალოვან სტრუქტურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში დამატებით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
შსს-ს თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

