გერმანელმა კანონმდებლებმა დაამტკიცეს მთავრობის გეგმა ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შესახებ. ეს კანცლერის, ფრიდრიხ მერცის, მიერ მანამდე წარდგენილი პროექტის მოდიფიცირებული ვერსიაა, რომელიც ბუნდესტაგს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა წარუდგინა.
მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მეტი ახალწვეული მოიზიდოს, იმ სამხედრო საფრთხეების ფონზე, რომელსაც რუსეთი ევროპისთვის წარმოადგენს. ახალ გეგმაში გაწერილია სავალდებულო სამედიცინო შემოწმება ახალგაზრდა მამაკაცებში. როგორც ბუნდესტაგში, ისე საზოგადოების ნაწილში ამ გადაწყვეტილებას წინააღმდეგობით შეხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ის ნებაყოფლობითია, თუმცა ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო ხასიათს მიიღებს. სწორედ ამიტომ გეგმის მოწინააღმდეგეებმა ის აღიქვეს, როგორც სავალდებულო სამსახურისთვის შემზადების მცდელობა.
„სამხედრო სამსახური რჩება ნებაყოფლობითი და ასეთად დარჩება, თუ ყველაფერი კარგად წარიმართება და იმედია, ასეც იქნება. თუმცა დიახ, თუ ეს საკმარისი არ იქნა და საფრთხისშემცველი სიტუაცია გაგრძელდება იმავე გზით ან უარესით, ჩვენ არ დაგვრჩება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ წარვადგინოთ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ეს იმისთვის, რომ დავიცვათ ქვეყანა. ეს კი გულისხმობს, როგორც ქალებს, ისე კაცებს. ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ მათაც, ვინც ახლა ამას ეწინააღმდეგება. გამოხატვის თავისუფლება, დემონსტრაციებისა თუ რელიგიის უფლება – თავის თავს ვერ დაიცავენ, ის უნდა დაიცვან იმ ადამიანებმა, რომლებიც მზად არიან, ეს გააკეთონ, და არა იმათ, ვინც სხვის მოლოდინში არიან.
ჩვენ, ფედერალური მთავრობისა და პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, ამ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ არა სიხარულით ან ენთუზიაზმით, არამედ კონკრეტული რწმენით. ქალბატონებო და ბატონებო, ეს ქვეყანა და ეს დემოკრატია იმსახურებს ამას”, – აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
თავდაცვის ხარჯების ზრდის ფონზე გერმანიამ მილიარდობით ევროს ოდენობის ფინანსური სახსრები გამოყო სამხედრო აღჭურვილობის გაუმჯობესებასა და თავდაცვის ძალების გაძლიერებაზე. ახალი სამხედრო კონტინგენტის მოზიდვა კი გეგმის ნაწილია. მსგავსი გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო საფრანგეთმაც, სადაც 18-19 წლის ახალგაზრდებისთვის მოხალისეობრივი სამხედრო სამსახურის პროგრამა ამოქმედდა. მსგავს მიდგომებს იზიარებენ ბელგიასა და პოლონეთშიც.

