ევროინტეგრაციის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დაშლიდან ერთი წლის თავზე, დემონსტრანტები კვლავ დაინტერესდნენ, რამ გამოიწვია ის სიმპტომები, რომლებმაც, როგორც ამბობენ, სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდგომ, მათ ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი გავლენა იქონია.
იყო თუ არა წყლის ჭავლში გარეული ქიმიური ნაერთი, ე.წ. „კამიტე“, რომელსაც BBC საკუთარ საგამოძიებო მასალაში ასახელებს – ამ კითხვის ადრესატი, პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროა – უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე. ხელისუფლება არ ასახელებს, კონკრეტულად რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს დემონსტრაციების დაშლისას, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ მათ შორის ე.წ. „კამიტეს“ არსებობას.
„დღესაც არ ვიცი თქვენ რა გამოიყენეთ, რა ნივთიერება, როცა აქციის მშვიდობიანი მონაწილე ვიდექი. რაღაც გაურიეთ [წყლის ჭავლში] და შემდეგ ქიმიური კონიუქტივიტი მქონდა, დღემდე პრობლემა მაქვს. ბევრს დაემართა. დღესაც არ მაქვს, პასუხი რა ნივთიერება გაურიეთ წყალს…“ – ამ სიტყვებით მიმართა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა შს მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის ფორმატში.
„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტე“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი…
როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა, ტოტალური თავდასხმები პოლიციაზე, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი, 171 პოლიციელი შავდება, ისვრიან „მოლოტოვის კოქტეილებს“, ფეიერვერკების წვიმას, ადამიანები და პოლიციები შავდებიან აქციის „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში, პოლიციას არათუ უფლება, არამედ აქვს ვალდებულება გამოიყენოს კანოთ გათვალისწინებული ის სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული…“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.
პარლამენტში შესული ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება ეჭვობს, რომ პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება სრულად დამოუკიდებელი და ობიექტური იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა ხელისუფლებამ აკრძალული ქიმიკატი. ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია ბოლომდე არც მე-11 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციას ცნობს.
„ხალხმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის მიერ მოხდა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევაზე ბრძანების გაცემა. ეს იყო სისტემური დანაშაული, თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით…“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის, „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ.
არც ოპონენტთა მოთხოვნებს და არც „ბი-ბი-სის“ მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალას არ მიიჩნევს სერიოზულად „ქართული ოცნება“, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ დაწყებული გამოძიების დასრულებას ელის.
მმართველი პარტიის ლიდერები ბრიტანულ მაუწყებელს „სიცრუის ტირაჟირებაში“ სდებენ ბრალს. მათ ნაწილს მაგალითად კვლავ მოჰყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული მდგომარეობა.
„მარტო საქართველოში ხომ არ ხდება აქციების დაშლა?! ვხედავთ ამას მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში როგორ ხდება. არაფერი ყოფილა გამოყენებული, რომელიც არის აკრძალული. რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული…“ – თქვა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
„ნამდვილად სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნამდვილად უმწიკვლო ორგანიზაცია BBC, სამწუხაროდ, „ჩამოლაბორანტდა“… დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, როდესაც სანდოობა ამ ორგანიზაციის მიმართ, იმდენად ნულს ქვემოთ არის, რომ ცალკეული სკანდალების დროს BBC-ის დირექტორი, ახალი ახალი ამბების დირექტორი ყველანი გადადგნენ…“ – განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის მიერ მომზადებული მასალა და ხელისუფლების რეაქცია ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს. ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობას მოუწოდებს, გადაამოწმონ, იყო თუ არა გამოყენებული ქიმიური საშუალებები მოქალაქეთა წინააღმდეგ და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ ქმედითი ზომები:
„ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწვრობები და ჯანმრთელობის გრძელვადიანი გართულებები დაუტოვა, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებების კუთხით ნაკისრი იმ ვალდებულებების დარღვევას, რომელთა დაცვაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება…“ – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრიტანეთის ხელისუფლებისადმი, ქმედითი ნაბიჯის გადადგმის მოწოდებით გამოდის ლორდთა პალატის წევრი ჯორჯ ფოულკსიც.
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი კი აქციებისას დაშავებულ ჟურნალისტთა უფლებრივ მდგომარეობაზე წერს, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, შესაძლოა, ქიმიური ნივთიერებების მავნე ზემოქმედების სამიზნენიც გამხდარიყვნენ:
„ათეულობით მათგანი წლის ჭავლის სამიზნე გახდა, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით იყო გაჯერებული და, ხშირ შემთხვევაში, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ახლა მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ჟურნალისტები, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, რომელიც თანამედროვე ცრემლსადენი გაზის წინამორბედს წარმოადგენს.
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად იქცა…“
„სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“ – ეს სისხლის სამართლის ის ორი მუხლია, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება პირველ დეკემბერს დაიწყო, BBC-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალის შემდეგ.
უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს ის პირები, რომლებმაც ბრიტანული მაუწყებლის კითხვებს უპასუხეს. თუმცა, გამოკითხვაზე დაბარებულთა შორის იყვნენ ისინიც, ვინც BBC-ის მასალაში ან მხოლოდ რამდენიმე წამით გამოჩნდნენ ან მონაწილეობდნენ პროევროპული აქციებისას, ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევის საქმეებზე დოკუმენტების შეგროვებაში.
ვიდრე საქართველოს ხელისუფლება BBC-ის მასალის შესახებ ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს, მმართველ პარტიას უჭირს დემონსტრაციების დაშლისას გამოყენებული კონკრეტული ნივთიერების დასახელება, რომელიც, შესაძლოა, UN3439-ის კოდის ქვეშ იმალებოდეს.
