კატეგორიები

MEGOBARI აქტი დაჩქარებულად აღარ განიხილება

MEGOBARI აქტი დაჩქარებულად აღარ განიხილება
გამოცემა The Hill-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის სენატში MEGOBARI აქტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოხდება და დოკუმენტი განხილვის ვადებს, სტანდარტულად გაივლის.

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უარი თქვა სპიკერ მაიკ ჯონსონის თხოვნაზე, „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა და დაჩქარებულად მიღებულიყო. ამ ამბავს, პოლიტიკურად აფასებენ თბილისიდან. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კვლავ იმედოვნებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც გადახედა საქართველოს მთავრობასთან მის პოლიტიკას და ეს ფაქტი, სწორედ ამისი გამოხატულებაა.

„მარტივი გასაგებია, რომ „მეგობარი აქტის“ გაცოცხლების კიდევ ერთი მცდელობა იყო. ეს სცენა ისევ იმ ოპერიდან არის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცუდი უნდა ილაპარაკო, რათა დააზიანო. ამას საფუძველი აქვს თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის სპიკერის ნაბიჯი? ეს არის პრაგმატული გამოვლინება. მართალია, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე დაბრუნება ისე სწრაფად არ ხდება, მაგრამ პრაგმატულ დონეზე ეს ნაბიჯები უკვე არის. ნახეთ, რომ ძალიან სწრაფად მოხდა ყოფილი ელჩის გაწვევა პენსიაში, ჩვენს ელჩს ძალიან სწრაფად მისცეს აგრემანი. ანუ, ნაბიჯები იდგმება და ისინი ამ ურთიერთობების პრაგმატულ ჩარჩოში ბრუნდებიან. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოსა და ამერიკას შორი სამართლიანი, პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობები აღდგება“, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით კი, ამ აქტის განხილვა კი არ შეჩერდა, არამედ დაჩქარებულად არ განიხილება.

ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ურჩუვენ, ნაადრევად ნუ ჩათვლიან, რომ საქართველოს და ქართველი ხალხისთვის MEGOBARI, ხოლო მმართველი პარტიისთვის, ანტიდემოკრატიულობის გამო დამსჯელი აქტი, საბოლოოდ შეჩერდა და მისი განხილვა აღარ გრძელდება.

„დაბლოკვა სწორი ტერმინი არ არის. ეს პროპაგანდისტული ინტერპრეტაციაა იმის, რაც სენატში სინამდვილეში მოხდა. ჩვენ საუბარი გვაქვს არა „მეგობარი აქტის“ დაბლოკვაზე, არამედ ეს აქტი კონკრეტულ, დაჩქარებულ პროცედურას ვერ გაივლის. თავად კანონპროექტი ძალაშია და ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების. ახლა მივიღეთ ვითარება, როდესაც ამ კანონპროექტის განხილვას უფრო მეტი დრო დასჭირდება კომიტეტებში, რაც შეიძლება, უკეთესიც იყოს, რათა უფრო დაბალანსებული ვერსია მივიღოთ. „მეგობარი აქტს“ რა პერსპექტივა აქვს, ვნახოთ, ამას დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ.

MEGOBARI აქტი  რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ საქართველოსთან დაკავშირებით წარდგენილი კანონპროექტია, რომელიც – ერთის მხრივ –  საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავებას ითვალსიწინებთ, ხოლო – მეორეს მხრივ – სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის.

ამ დოკუმენტის განხილვას აშშ-ში არ ჩქარობენ. მისი დაჩქარებული წესით მიღება რამდენჯერმე შეფერხდა. ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჯერ კიდევ აკვირდებიან საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ყურადღებით არიან.

ბოლო პერიოდში, MEGOBARI ის მხარდამჭერი სენატორები ცდილობდნენ რომ ეს დოკუმენტი, აშშ-ის „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტთან“ ერთად მიღებულიყო, რადგან მას ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. მისი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე კი, სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან შედარებით, ის დაჩქარებულად განიხილება. როგორ გაგრძელდება ორპარტიოული მხარდამჭერის მქონე MEGOBARI აქტის განხილვა სენატში, ჯერ უცნობია.

ავტორი: ალეკო გვეტაძე

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები