სერბეთი და უნგრეთი მდინარე ტისას მაჯისცემას ყურადღებით აკვირდებიან. პროექტი ADAPtisa აერთიანებს ორივე ქვეყნის მკვლევრებს, უნივერსიტეტებსა და წყლის მართვის ორგანიზაციებს. პროექტის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ მონაცემებს, რათა საზღვრისპირა რეგიონში შექმნან მდინარის ინტეგრირებული აუზის მართვის ერთიანი პლატფორმა.
მდინარე ტისა, რომელიც დუნაის ყველაზე დიდი შენაკადია, სიმშვიდით არ გამოირჩევა. კლიმატის ცვლილების გამო ამ შენაკადის აუზში, რომელიც 5 ქვეყანას მოიცავს, წყალდიდობაც გახშირდა და გვალვაც. ამ ქვეყნებიდან ორმა – უნგრეთმა და სერბეთმა – გადაწყვიტა, ერთმანეთს გაუზიარონ მონაცემები და ითანამშრომლონ, რათა უკეთ მართონ სტიქიური მოვლენები.
„ჩვენი მიზანია ინტეგრირებული წყლის მართვის პლატფორმის – ასე ვთქვათ, ციფრული სივრცის – შექმნა და განვითარება, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის ექსპერტები, ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შეძლებენ მონაცემთა გაცვლას, რისკების პროგნოზირებასა და საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელ მოქმედებას“, – ამბობს სლობოდან კოლაკოვიჩი, ნოვი-სადის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და პროექტ ADAPTizsa-ს კოორდინატორი.

სერბეთში ჩატარებული მდინარის გაწმენდის სამუშაოები ევროპული რეგიონთაშორისი პროექტის ADAPTisa ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ნაწილია. ამ პროექტის მოხალისე მონაწილეს, მილიანს, არ დავიწყებია 2006 წლის წყალდიდობა, როდესაც მდონარე ტისამ ნაპირები გადალახა და მისი ძველი სახლი დაანგრია, რომლის აღდგენაც მილიანმა, საბედნიეროდ, ისევ შეძლო.
“სახლი წყალმა დატბორა. წყლის ზემოთ 6 სანტიმეტრზე მხოლოდ სახურავი მოჩანდა. ქალაქ ბეჩეის მხარეს რომ გავიხედეთ, მდინარე ზღვასავით გაშლილიყო, მდინარის კალაპოტი მთლიანად გაქრა“, – იხსენებს მილიან იოვანოვიჩი, მოხალისე, ვოევოდინის მცხოვრები.

მკვლევრები სწავლობენ მდინარის წყალს როგორც ნაპირზე, ისე კალაპოტის ცენტრში. ისინი პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მინილაბორატორიის დახმარებით იკვლევენ წყლის ხარისხს, მასში წყალბადის მაჩვენებლის, ფტალატებისა და პესტიციდების დონეს.
“ჩვენ წყლის მართვის პლატფორმის ფარგლებში ვიღებთ წყლის ნიმუშებსა და ნარჩენებს, ვატარებთ ანალიზს,“ – განმარტავს მაია პეტროვიჩი, ასოცირებული პროფესორი და მდინარის წმენდის კოორდინატორი. „შევხედავთ, რამდენად გაამართლებს ჩვენ მიერ ჩამოყალიბებული მოდელი, რათა მომავალში წყალდიდობის რაც შეიძლება ზუსტი პროგნოზი გავაკეთოთ“.

პროექტის ADAPTisa მთლიანი ბიუჯეტი 1 418 020 ევროა, რომლის 85% (1 205 317 ევრო) ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკამ დააფინანსა. ამ პროექტის ფარგლებში შეგროვებულ მონაცემებს უნგრეთის ქალაქ სეგედში მდებარე წყლის მართვის სააგენტო ამუშავებს, სადაც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, რათა შექმნან ჰიდროლოგიური მოდელები და ინტეგრირებული პლატფორმა. თუკი 2006 წლის წყალდიდობის დროს ტისის დონემ ათი მეტრით აიწია, ახლა პირიქით, მდინარე გვალვამ დააშრო.
“ჩვენ სადაც ვართ ახლა, ეს ხიდი ისევ ძველებურად დგას, მაგრამ ახლა მდინარის წყლის დონე 100 სანტიმეტრია, მაშინ როცა ადრე 1000 სანტიმეტრი იყო. დღეს გვალვის პრობლემა ძალიან გვაწუხებს“, – ამბობს პიტერ კოზაკი, პროექტის მენეჯერი, ქვედა ტისის წყლის მართვის რეგიონული დირექტორატის ხელმძღვანელი.
ავტორი: ავრორა ველესი

