კრემლის მიერ ოკუპირებული ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დე-ფაქტო „პროკურატურამ“ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ბარამიძეს.
ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით ხდება ცნობილი.
უწყების მტკიცებით, გიორგი ბარამიძე იყო დაქირავებული მებრძოლი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში, 2022 წლის თებერვლიდან, იმავე წლის აპრილამდე მონაწილეობდა. საქმე არსებითად განსახილველად დონეცკის ე.წ. „სასამართლოს“ გადაეგზავნა.
რუსეთის მთავარი პროკურატურის თანახმად, გიორგი ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნა არის გამოცხადებული.
ასეთივე სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე თვის წინ რუსეთმა აღძრა კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას თითოეული მოქალაქე განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა“ და გამორიცხა ალეკო ელისაშვილის რუსული მხარისთვის გადაცემა.


