სავალდებულო სასკოლო ფორმები მოსწავლეებისთვის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ლაბორატორიული აღჭურვილობა ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის უკეთ შესასწავლად, სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვის გეგმა, სახელმძღვანელოების შეცვლა და მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა – ამ და კიდევ რამდენიმე ცვლილების შესახებ ისაუბრა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის წარდგენისას.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ პრეზენტაციაზე მან დაასახელა ზოგადი განათლების მიმართულებით არსებული 8 გამოწვევა, ნაცვლად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში 26 ნოემბერს დასახელებული 7 გამოწვევისა.
მინისტრმა გივი მიქანაძემ ისაუბრა სახელმწიფოს გეგმაზე, 2027-2028 სასწავლო წლიდან 11-კლასიან სწავლებაზე გადასვლის შესახებ. მისივე თქმით, მათთვის, ვინც ამჟამად მე-9 კლასში სწავლობს, მე-12 კლასი სავალდებულო აღარ იქნება:
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად, ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში, გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს. შესაბამისად, მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ…
იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, კონკრეტულ საშუალო სკოლებში გავხსნით მეთორმეტე კლასს. ახალგაზრდებს მივცემთ საშუალებას აიღონ როგორც მეთერთმეტე, ისე მეთორმეტე კლასის ატესტატი“.
განათლების მინისტრის განმარტებით, მე-11 კლასი „პროფილური“ გახდება:
„ეს ასახავს იმ მიზანს, რაც უკავშირდება, პირველ რიგში, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში. სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ ის წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული, მოსწავლეების მომზადების კუთხით, ეროვნული გამოცდების კომპონენტთან მიმართებით. ამ კუთხით ჩვენ მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. „რეპეტიტორიუმი“.
ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე, ეს იქნება 1-წლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა… მათ აღარ უნდა დასჭირდეთ დამატებით, სკოლის გარეთ, სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება ყველაზე ახლოს დაკავშირებული…“
„ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში“ – ზოგადი განათლების რეფორმის მიხედვით, 2-3 წლის განმავლობაში, უწყება იზრუნებს ყველა სახელმძღვანელოს შეცვლაზე:
„დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები. ეს სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს შემდეგი სტანდარტით – ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელო და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი“.
გივი მიქანაძის ამ პრეზენტაციაში მოხვდა სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი, რომელიც, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად, მშენებლობა-რეაბილიტაციის მხრივ, 1-ელი სექტემბრიდან ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილება გახდა.
თუმცა, ამის მიუხედავად, არ დასახელებულა კონკრეტული ვადები, კონკრეტულად როდის განახლდება სასწავლო პროცესი, მაგალითად, თბილისში წლების წინ დანგრეული და ჯერ კიდევ მშენებარე მდგომარეობაში მყოფ სკოლებში.
მინისტრს არც სასკოლო კვების საკითხზე წარმოუდგენია გრძელვადიანი გეგმა – გივი მიქანაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ 2026 წლიდან სამინისტრო უზრუნველყოფს, სკოლებში კვების ობიექტების, სავარაუდოდ, აქამდე არსებული ე.წ. „ბუფეტების“ მოწყობას.
მომდევნო, 2026-2027 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლაში შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ბავშვებს ექნებათ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება. მთავრობამ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ასე ახსნა:
„გამოვლინდა, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლაში შედიან, უჭირთ სოციალურ-ემოციური ფონიდან და მზაობიდან გამომდინარე სასწავლო პროცესში სრული ინტეგრირება…“
2026 წლის 15 სექტემბრიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ასევე სავალდებულო იქნება სასკოლო ფორმის ტარება. ამ მხრივ, როგორც განათლების მინისტრი განმარტავს, უწყება ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს:
„ყველა ის ოჯახი, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით…“
განათლების რეფორმის გეგმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 17 ოქტომბერს წარადგინა.

