თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს, 1-ელ დეკემბერს იმსჯელებენ.
მას გუშინ, 30 ნოემბერს, უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. პროკურატურა მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება, რაც სასჯელის ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა მედიასთან განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს ქმედებას და არა ბრალს. მისივე განმარტებით, ეს იყო პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმა.
კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 29 ნოემბერს გაავრცელა. უწყების ცნობით, პოლიტიკოსმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, მას შემთხვევის ადგილზევე მიუსწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა და გაანეიტრალეს.
შიგანას საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, ოპოზიციონერ ლიდერს თან ჰქოდა ცეცხლსასროლი იარაღი და სწორედ მისი გამოყენებით უწევდა წინააღმდეგობას მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი.
„საქართველოს პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, ფიზიკური დაზიანებები აქვს თავად ალეკო ელისაშვილსაც. მას სახის არეში დალურჯებები აღენიშნება.
მას შემდეგ, რაც სამართალდაცავმა უწყებებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გადაადგილებისა და სასამართლოს შენობაში მოქმედების ამსახველი კადრები გაავრცელეს, სოციალურ ქსელებში არ წყდება გამოხმაურებები მომხდართან დაკავშირებით. მოქალაქეთა ნაწილს კადრების ავთენტურობაში ეჭვი შეაქვთ. როგორც სოციალურ პლატფორმებზე წერენ, გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ ქუჩაში გადაადგილებისას და სასამართლოს შენობაში ყოფნის დროს, ალეკო ელისაშვილის სამოსი სხვადასხვაა, რაც მომხმარებელთა ნაწილის შეფასებით, გარკვეულ ეჭვებს აჩენს.
რაც შეეხება „ლელო ძლიერი საქართველოს“ პოზიციას – პარტიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარს „მიუღებელი და გაუმართლებელი უწოდეს“.
„ჩვენთვის ალეკო ელისაშვილის დღევანდელი ქმედება მიუღებელი და გაუმართლებელია. ალეკო ელისაშვილი არაერთხელ გამხდარა რეჟიმის მხრიდან უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი და მისი აღიარება დასტურია, რომ ეს არის რეჟიმის წინააღმდეგ ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება.
რეჟიმს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ სისტემური ძალადობითა და უსამართლობით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანოს და უარი გვათქმევინოს ტირანიასთან ბრძოლის მშვიდობიან და კანონიერ გზებზე, რაც იყო და იქნება „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ამოსავალი პრინციპი“, – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, ალეკო ელისაშივილს ბრალი გადუკვალიფიცირეს. თავდაპირველად გამოძიება უფრო მსუბუქი მუხლით მიმდინარეობდა, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გადაკვალიფიცირების შემდეგ კი მას ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან.


