ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მარაკაიში ქვეყნის სამხედრო ავიაციის წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო ღონისძიებას დისტანციურად დაესწრო. მან ჯარისკაცებს ეროვნული ერთიანობისა და საგარეო საფრთხეებისგან თავდაცვის მზადყოფნისკენ მოუწოდა.
ცერემონიას, რომლის დროსაც რამდენიმე სამხედრო წვრთნა გაიმართა, ვენესუელის მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ, მათ შორის იყო თავდაცვის მინისტრი, ვლადიმირ პადრინო ლოპესი.
„გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე. თუმცა იყავით ფხიზლად და მზად, რომ დაიცვათ ჩვენი, როგორც ერის, როგორც თავისუფალი და სუვერენული სამშობლოს უფლებები. ვიცი, რომ თქვენ არასდროს დააღალატებთ ვენესუალეას. მჯერა, რომ ვენესუელას შეუძლია ჰქონდეს თქვენი იმედი. თუ ვითარება მოითხოვს, რომ ჩვენ ყველამ ხელში ავიღოთ იარაღი, ისტორია კიდევ ერთხელ ნახავს ჩვენს აღზევებას“, – განაცხადა ვენესუალის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ.
მადუროს ვიდეომიმართვა, რომლის ჩაწერის ადგილი უცნობია, ღონისძიების დროს სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრიც.ი-
„2025 წელს ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ვენესუელი ხალხის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას. ბოლივარიის სამხედრო ავიაციამ იცის, რომ მან ძლიერი იერიში უნდა მიიტანოს ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება. ბრძოლა გამარჯკვებმადე!“, – განაცხადა ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ პადრინო ლოპესი.
მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი რუს ოფიციალურ პირებთან ონლაინშეხვედრაზე გამოჩნდა. მათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესშეთანხმებები განიხილეს. როდრიგესი დადებითად აფასებს რუსეთსა და ვენესუელას შორის დამატებითი რეისების დანიშვნას.
„დღეს შეერთებული შტატების მთავრობა სხვა ქვეყნებზე აძლიერებს ზეწოლას, რადგან სჯერათ, რომ შეუძლიათ ვენესუელის იზოლირება. მათი მიზანია, ავიაკომპანიებმა შეწყვიტონ ჩვენს ქვეყანაში მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ მეტი რეისი შესრულდება რუსეთსა და ვენესუელას შორის. ამით შევძლებთ ტურისტული ნაკადის გაფართოებას. ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როდესაც რუსი ტურისტები სტუმრობენ ჩვენს ქვეყანას, მარგარიტას კუნძულს, კანაიმას, ლოს როკესს, კარაკასს. ეს არის იმ შედეგების ნაწილი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მაღალი დონის სამთავრობათაშორისო კომისიაში მივიღეთ“, – ამბობს ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი, დელსი როდრიგესი.
მისი კომენტარები ვენესუელის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ექვს საერთაშორისო ავიაკომპანიას ფრენებთან დაკავშირებული შეღავათები გაუუქმდათ. მათ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერეს, რაც შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ ვენესუელის საჰაერო სივრცეში ფრენასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გააფრთხილა.
საერთაშორისო ავიაკომპანიებმა 23 ნოემბერს დამატებითი რეისებიც გააუქმეს, რადგან აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ პილოტებს ურჩია, გამოეჩინათ სიფრთხილე ვენესუელაში განვითარებული მოვლენების გამო.

