ათობით დიპლომატი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და ქვეყნის განვითარება შეაფერხა. დიპლომატების თქმით, ევროკავშირი და ნატო საქართველოსთვის სუვერენიტეტის გამყარებისა და უსაფრთხო, მშვიდობიანი მომავლის ერთადერთი გზა რჩება.
ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 2022 წელს რუსეთის აგრესიამ უკრაინაში საქართველოს მისცა ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რასაც მოჰყვა კანდიდატის სტატუსი. დიპლომატები აცხადებენ, რომ სრული ტყუილია თითქოს ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ საქართველოს სუვერენიტეტის დათმობას ან „მეორე ფრონტის“ გახსნას სთხოვდნენ – „მოთხოვნები ეხებოდა მხოლოდ კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, კორუფციასთან ბრძოლასა და ადამიანის უფლებებს”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სწორედ ამ პირობებზე თქვა უარი ხელისუფლებამ, რითაც შეაჩერა ქვეყნის ევროპული მომავალი და რისკის ქვეშ დააყენა მიღწეული სიკეთეები, მათ შორის უვიზო მიმოსვლა. დიპლომატები ასევე მიუთითებენ ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერებაზე, მაშინ როცა ევროკავშირი და ნატო ათწლეულებია საქართველოს მხარდამჭერები არიან – უსაფრთხოებაში, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და ოკუპაციის პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ჰიბრიდული ზეწოლის ფონზე ხელისუფლების ნაბიჯები ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს და მარტო ტოვებს რუსული საფრთხის წინაშე. რეპრესიული კანონები, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და პროტესტის ჩახშობის მცდელობები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ ოჯახს.
დიპლომატები მოუწოდებენ პარტნიორებს, საქართველო კვლავ შეინარჩუნონ საერთაშორისო დღის წესრიგში და გაითვალისწინონ ქართველი ხალხის ევროპული ნება. მათი თქმით, საქართველოს ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპულ ოჯახშია და ეს მისწრაფება შეუქცევადია.


