მთავარიამერიკააშშკვლავ მძიმეა თეთრ სახლთან დაჭრილი ორი სამხედროს მდგომარეობა

კვლავ მძიმეა თეთრ სახლთან დაჭრილი ორი სამხედროს მდგომარეობა

„ყოვლად საზიზღარი თავდასხმა, ბოროტების, შურისძიებისა და ტერორის გამოხატულება“ – ასე შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 26 ნოემბერს თეთრი სახლის მიმდებარედ ეროვნული გვარდიის წევრებზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას.

დონალდ ტრამპი მომხდარს ჯერ საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გამოეხმაურა, შემდეგ კი ამერიკელ ხალხს ფლორიდადან მიმართა და დაჰპირდა, რომ თავდამსხმელს ნამოქმედარი „ძვირად დაუჯდება“:

„როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მე სრულად მაქვს უფლება, უზრუნველვყო, რომ ცხოველი, რომელმაც ეს სისაძაგლე ჩაიდინა, გადაიხადოს ყველაზე დიდი ფასი. შემიძლია, განგიცხადოთ დადასტურებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო დარწმუნებულია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი არის უცხოელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ავღანეთიდან ჩამოვიდა.

მივიღებთ ყველა შესაბამის ზომას ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი უცხოელის გასაძევებლად, რომელიც არც ჩვენ გვეკუთვნის და არც სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. თუ მათ ჩვენი ქვეყანა არ უნდათ, არ გვჭირდებიან. ამერიკა არასდროს დაიჩოქებს. ამავე დროს, ჩვენ არ მივცემთ საკუთარ თავს უკან დავიხიოთ იმ მისიიდან, რომელიც ასე გულითადად შეასრულეს ამ სამხედროებმა…“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

სამხედროებისთვის წლევანდელი მადლიერების დღის მილოცვა განსხვავებულად მოუწია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს. თეთრ სახლთან მომხდარმა თავდასხმამ ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვით გამოსვლის შინაარსი თითქმის სრულად შეცვალა.

გამოძიების ფედერალური ბიურო, სხვა უწყებებთან, მათ შორის შიდა უსაფრთხოების სამინისტროსა და საიდუმლო სამსახურთან ერთად, დეტალურად იკვლევს, რა მოხდა 26 ნოემბრის საღამოს ვაშინგტონის ცენტრში.

„გამოძიების ფედერალური ბიურო, ამ გამოძიებას ბევრი მიმართულებით ვხელმძღვანელობთ. ჩვენს პარტნიორებთან ერთად სამართალდამცავი ორგანოებიდან, დედაქალაქის პოლიციის განყოფილებებიდან და უწყებათაშორისი სტრუქტურებიდან, დაუყოვნებლივ ამოვიღეთ იარაღი, შემთხვევის ადგილზე გავგზავნეთ ჯგუფი ნივთმტკიცებულებების ამოსაღებად. ვეძებთ და ვაწარმოებთ მოწმეთა დაკითხვას.

ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა მასალები ჩვენს ლაბორატორიაში, დაუყოვნებლივი ანალიზისთვის გავგზავნეთ. კოლუმბიის ოლქის პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩვენ ასევე არაერთი ორდერი გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩხრეკის ჩასატარებლად, მათ შორის ეჭვმიტანილის ბოლო ადგილის, რომელიც ვაშინგტონის შტატში მდებარეობს.

ახლა გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს სუბიექტი დაკავშირებული იყო ავღანეთში, პარტნიორ ძალებთან. ჩვენ ასევე ყურადღებით ვიკვლევთ მისი ბიოგრაფიის ამ მნიშვნელოვან გარემოებას, რათა დავადგინოთ ყველა თანამზრახველის ვინაობა, რომელიც იმყოფება ამერიკაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ“ – თქვა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა, კეშ პატელმა.

„ახლა მინდა მივმართო მას, ვინც ეს მოიმოქმედა: თქვენ არასწორი მიზანი დაისახეთ, არასწორი ქალაქი და ქვეყანა აირჩიეთ. თქვენ ინანებთ ძალადობისა და ბოროტებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ჩაიდინეთ“ – განაცხადა კოლუმბიის ოლქის პროკურორმა, ჟანინ პირომ.

ვაშინგტონში ახლა თავდაცვის უმკაცრესი ზომები არის მიღებული. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ომის მდივანს, პიტ ჰეგსეთს ქვეყნის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის დამატებით 500 სამხედროს განთავსებისკენ მოუწოდა.

26 ნოემბერს დაჭრილი სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. მკურნალობას გადის თავდამსხმელიც, რომელიც სამართალდამცველებმა დაჭრეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, რადგან თავდამსხმელი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend