ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადებით, რუსეთს და, კერძოდ, ვლადიმერ პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს. ამის შესახებ კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ომის დასრულება ყველას სურს, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ როგორი შედეგებით დასრულდება ის.
„ომის დასრულების პირველი ნაბიჯი დაუყოვნებელი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანს იმისა, რომ რუსეთი მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის. რუსეთი არ ამცირებს თავის სამხედრო ძალისხმევას, არამედ აძლიერებს მას. ჩვენ იმ ვითარებიდან, სადაც რუსეთი ვითომ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, იმ სიტუაციამდე უნდა გადავიდეთ, სადაც მათ მოლაპარაკება სჭირდებათ“, – განაცხადა კაია კალასმა.
ევრონიუსის ჟურნალისტის კითხვაზე – როდესაც შეთანხმების ფარგლებში უკრაინის არმიისთვის შეზღუდვების დაწესებაზეა საუბარი, უნდა დაუწესდეს თუ არა გარკვეული შეზღუდვები რუსეთის არმიასაც, რათა მომავალში მორიგი რუსული აგრესია თავიდან იქნეს აცილებული, კაია კალასმა განაცხადა, რომ თუ მხარეებს სურთ, ომი აღარ გაგრძელდეს და აგრესია აღარ განმეორდეს, მაშინ რუსეთის არმია და მისი სამხედრო ბიუჯეტი უნდა შემცირდეს.
„თუ შენი მთლიანი ბიუჯეტის 30-40%-ს სამხედრო მიზნით ხარჯავ და სოციალურ საკითხებზე მხოლოდ 16%-ს, მაშინ მისი ხელახლა გამოყენება ისევ მოგინდებათ. ეს კი ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა, გადაწყვიტოს, რამდენს ხარჯავს სამხედრო სფეროზე, ამიტომ არ უნდა გავეხვიოთ ამ ხაფანგში, რომელსაც რუსეთი გვიგებს, როდესაც უკრაინის არმიის შეზღუდვაზე საუბრობს.
უკრაინას რუსეთზე იერიში არასდროს მიუტანია, არც ის 19 ქვეყანა დასხმია მას თავს, რომლებსაც რუსეთმა შეუტია. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, თუ რა სახის დათმობებსა და შეზღუდვებს ვხედავთ რუსული მხრიდან, რათა ვითარება არ გაუარესდეს და მათ ხელახალი შეჭრის შესაძლებლობა აღარ მივცეთ“, – განაცხადა კაია კალასმა.

