მთავარიაზიაჩრდილოეთ კორეა„თავისუფალი ჩრდილოეთი კორეა“

„თავისუფალი ჩრდილოეთი კორეა“

ლი სიონი ამზადებს ახალ ამბებს ცენზურის გარეშე ავტორიტარული ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობისთვის. ის და მისი კოლეგები უკვე 20 წელზე მეტია, სეულში ქმნიან ამბებს იზოლაციაში დარჩენილი 26 მილიონი მოქალაქისთვის და ცდილობენ, მათ თავისუფალი სამყაროს ხმა მიაწვდინონ. „თავისუფალი ჩრდილოეთი კორეა“ – ასე ჰქვია რადიოსადგურს, რომლის მსმენელები, რომლებიც ფარულად უსმენენ მაუწყებლობას, ციხეში მოხვედრის რისკის ქვეშ არიან.

ეს პატარა სტუდია ახლა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის, რომელიც განაგრძობს მაუწყებლობას.

აშშ-ს მიერ დაფინანსებული ორი მსხვილი მაუწყებელი, „ამერიკის ხმა“ (VOA) და „რადიო თავისუფალი აზია“ (RFA), იძულებული გახდნენ კორეულ ენაზე მაუწყებლობა შეეწყვიტათ მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარტში ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც ფაქტობრივად გაუქმდა სააგენტო, რომელიც ზედამხედველობდა, ან აფინანსებდა მედია ქსელებს. ამან გამოიწვია ის, რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით გარე რადიომაუწყებლობის მოცულობა 85%-ით შემცირდა.

„ჩვენი უკმაყოფილება აშშ-სა და სამხრეთ კორეის მთავრობების მიმართ იზრდება რადიომაუწყებლობის შეჩერების გამო. ჩვენ გვეშინია, რომ მათ ჩრდილოეთ კორეის ხალხი ბედის ანაბარა დატოვეს. განადგურებულები ვართ და ვერ გადავწყვიტეთ, ვუთხრათ თუ არა ჩრდილო კორეელებს, რომ მაუწყებლობა მხოლოდ დროებით შეჩერდა და აუცილებლად განახლდება, თუ მხოლოდ ჩვენ გადავრჩით“, – წუხს ლი სიონი, რადიოსადგურ „თავისუფალი ჩრდილოეთი კორეის“ ხელმძღვანელი.

მართალია, ჩრდილოეთ კორეაში ყველა რადიო და ტელევიზია სახელმწიფო არხებზეა მომართული, თუმცა იქედან გამოქცეული მოქალაქეები ადასტურებენ, რომ იყენებდნენ სხვადასხვა ხერხს, რომ ღამით ფარულად მოემართათ რადიო უცხოურ მაუწყებლობებზე და მოესმინათ ისეთი ამბები, რომელთა მოსმენასაც მათ მთავრობა უკრძალავდა.

„ბევრი გვეკითხება, დავადასტურეთ თუ არა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ხალხი რეალურად უსმენს ჩვენს გადაცემებს. თუმცა, მე მჯერა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამის კეთება, მაშინაც კი, თუ ჩვენს გადაცემებს მხოლოდ ერთი ადამიანი უსმენს“, – ამბობს კიმ კი სუნი, რადიო „თავისუფალი ჩრდილოეთ კორეის“ თანამშრომელი.

ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ მოქალაქეებს შორისაა ლი იონ ჰიონი. მან ახლახან შექმნა ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია კორეულ ენაზე ინფორმაციის გასავრცელებლად. ეს პლატფორმა ძირითადად განკუთვნილია საზღვარგარეთ მცხოვრები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეიდან გაქცევა მოახერხეს და გლობალურ ინტერნეტზე წვდომა აქვთ.

„ჩვენ არ ველით, რომ პუბლიკა, რომელიც ჩვენს კონტენტს იხილავს, აჯანყდება და ჩრდილოეთ კორეის მთავრობას დაამხობს. თუმცა, თუ ჩრდილოკორეელები გაიგებენ, რომ არსებობს საოცარი სამყარო, სადაც მათ შეუძლიათ თავისუფლებითა და უფლებებით დატკბნენ, მაშინ  გვჯერა, რომ ჩვენი კონტენტის მიზნები მიღწეულია.

ლი იონ ჰიონი, „კორეა ინტერნეტ სტუდიოს“ ხელმძღვანელი, Associated Press-ის წარმომადგენელს ესაუბრება, სეული, სამხრეთი კორეა, 18 ნოემბერი, 2025 წელი Copyright AP/Ahn-Young-Joon

ვინაიდან ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან, მათთვის საინტერესო იქნება კაპიტალიზმის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მიღება, მაგალითად, თუ რა არის აქციები და ბიტკოინი. ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომელიც დასჭირდებათ და საინტერესოდ ჩათვლიან“, – ჰყვება ლი იონ ჰიონი, „კორეა ინტერნეტ სტუდიოს“ ხელმძღვანელი.

ჩრდილოეთ კორეამ 2020 წლიდან მიიღო უკიდურესად რეპრესიული კანონები უცხოური, განსაკუთრებით კი სამხრეთკორეული კულტურის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად.

კანონი ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უცხოური ფილმების ან მუსიკის მოხმარებისთვის, შენახვის ან გავრცელებისთვის.

„თავისუფალი ჩრდილოეთი კორეის“ იდეის მიმდევრები კი ამბობენ, რომ გააგრძელებენ მაუწყებლობას მანამ, სანამ ერთი ჩრდილოკორეელი მაინც იქნება მათი მსმენელი.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:28
spot_imgspot_img
Send this to a friend