„სამართალი ჭიათურას“ – სწორედ ამ გზავნილით მაღაროელებმა დღეს, 25 ნოემბერს, ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, დასაქმებულთა გაერთიანებისა და პროფკავშირების წევრების ერთობლივი შეხვედრების მიუხედავად, მაღაროს ორი ათასამდე თანამშრომელი კვლავ უმუშევარია.
მათი მოთხოვნაა, რეორგანიზაციის შედეგად უმუშევრად დარჩენილი პირების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება და დაკავებული მაღაროელების გათავისუფლება… მათივე განცხადებით, რეგიონში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რადგან უმუშევარ მაღაროელებს სხვა, ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობა არ აქვთ…
მაღაროელები ღირსეული შრომის პირობებისა და ანაზღაურების მოთხოვნით უკვე 271 დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ. ეს პროცესები კი დაიწყო მას შემდეგ, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესი შეაჩერა. მაღაროელები ასევე საუბრობდნენ ხელფასების დაგვიანებით დარიცხვაზე.
ჯანდაცვის სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა ადრე მათ ისაუბრეს სამმხრივი კომისიის მიზნებზე და ეს იყო პროცესის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარმართვა, დასაქმებულების უფლებების დაცვა და ის, რომ კომპანიას გაეგრძელებინა მუშაობა.

