76 მომხრე და 9 წინააღმდეგი – „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსს“, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუკი სამშობლოში არ დაბრუნდებიან.
მმართველი პარტიის კანონპროექტს არ აქვს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების, „გახარია საქართველოსთვის“ მხარდაჭერა.
პლენარულ სხდომაზე მათმა დეპუტატებმა ისაუბრეს ბოლო წლებში ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებლებსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე.
ოპონენტთა არგუმენტების პასუხად, „ქართული ოცნების“ წევრები განმარტავენ, რომ მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ერთ-ერთი „ინსპირაციაა“ ემიგრანტთა სამშობლოში დასაბრუნებლად.
განახლებული „საარჩევნო კოდექსი“ ასევე ითვალისწინებს სხვა ცვლილებებსაც. კერძოდ, პარტია უფლებამოსილი იქნება როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატებად მხოლოდ პარტიის წევრები წარადგინონ. უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა კი, მხოლოდ საინიციატივო ჯგუფს ექნება.
იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხებიც – კენჭისყრის შენობიდან გაძევებულ ადამიანს სხვა კენჭისყრის შენობაში შესვლა აეკრძალება.
გარდა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებებისა, პარლამენტმა დღეს წინააღმდეგობის გარეშე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ბიზნესომბდუსმენის აპარატის გაუქმების გადაწყვეტილებას.
2026 წლის პირველი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი საქმიანობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.

