„ტვ პირველის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარით დააჯარიმა.
გამოძიება მას პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა… გიორგი მამნიაშვილი საპროტესტო აქციაზე 22 ნოემბერს დააკავეს, სადაც ადვოკატის განცხადებით, ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მანამდე კი, მისმა ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მამნიაშვილის მიმართ კანონსაწინააღმდეგო მოპყრობა განხორციელდა. კერძოდ, მისივე განმარტებით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში ედო ხელბორკილები, ე.წ. ბუქნების კეთება აიძულეს და სრულად გააშიშვლეს… ამის საპასუხოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ როცა იზოლატორში ადამიანის შესახლება ხდება, სავალდებულოა მისი გაშიშვლება…
სახალხო დამცველმა მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა შემოწმების დროს სრული გაშიშვლების აკრძალვა. სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშივეა ნათქვამი, რომ იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა მისი მოთხოვნა, სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე.


