საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეები განიხილეს დღეს, 24 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში.
განაჩენი, რომელიც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა უფრო მსუბუქი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაზე გადააკვალიფიცირა, ორივე მხარემ, ანუ პროკურატურამაც და ადვოკატებმაც გაასაჩივრეს.
ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მათ წარადგინეს არაერთი ისეთი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას. დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება…
მიმდინარე წლის 2 სექტემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს 2 წლითა და 6 თვით, დანარჩენ 5 პირს კი, 2 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. საქმეზე მომდევნო სხდომა კი, 24 დეკემბერს ჩატარდება.


