შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე აზერბაიჯანელ კოლეგას, ვილაიათ ეივაზოვს მასპინძლობს. იგი თბილისს დელეგაციასთან ერთად სტუმრობს.
ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, საქართველოსა და აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ. შსს-ს თანახმად, „შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, მათ შორის დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიმართულებით.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ დოკუმენტით თანამშრომლობის რამდენიმე სფეროა გათვალისწინებული და რომ შეთანხმება „მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა, კიბერდანაშაული, ტრეფიკინგი, უკანონო მიგრაცია და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.“
შსს-ს თანახმად, მხარეებს შორის გამართულ გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, „დარგობრივ რეფორმებზე, მიმდინარე პროექტებზე, საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე“ ისაუბრეს და გამოთქვეს მზაობა კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.


