ახალი საკანონმდებლო ცვლილების პროექტით, „ქართული ოცნება” აპირებს, რომ გააუქმოს, 2007 წელს ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელსაც წინა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია დაარქვა.
მმართველი პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი იყო და მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ავანტიურად გამოიყენა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები, რამაც კონფლიქტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მხარესთან კიდევ უფრო გააღრმავა, ამან კი ქვეყანა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანა. მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ შეცდომა, არამედ ღალატი იყო, ამიტომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან 13 წლის შემდეგ ეს ადმინისტრაციული ერთეული უნდა გააუქმონ.
„2006 წელს ჩატარდა უკანონო, ანტიკონსტიტუციური, სეპარატისტული არჩევნები, 2007-ში ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია, 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები. ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა, მათ შორის სამართლებრივი, რომ ადმინისტრაციული საზღვრები აღადგინეს და მეორე – შექმნეს ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. ეს არის ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი ქმედებებისა, რომლებიც დასრულდა 2008 წლის ომით და დამანგრეველი ეფექტი იქონია ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციისა და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების სახით.
„რაც შეეხება თავად ამ ადმინისტრაციას, მის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს, წლების განმავლობაში ისინი კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავიანთ საქმეს და ყველას მადლობა ეთქმის, ვინც თავადაც ამ გარემოების, გარკვეულწილად, მძევალი იყო, იმ მხრივ, რომ არაკონსტიტუციურად შექმნილი ორგანო იყო. რა თქმა უნდა, მათ თანამშრომლებს მადლობა ეთქმით იმ საქმისთვის, რაც გასწიეს ამ წლების განმავლობაში, თუმცა თავად ეს ორგანო, რომელიც სრულად არის ანტიკონსტიტუციური, ეს მიდგომა, რომელმაც თავის დროზე მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე, რა თქმა უნდა, ითხოვს გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, საკანონმდებლო ქმედებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს ფორმალური ადმინისტრაციული ერთეული, საქართველოსთვის სეპარატისტული ოსეთის ე.წ. ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტი იყო. როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მიმართულებით. მისი გაუქმებით კი „ქართული ოცნება“ ასუსტებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას და ხელს უწყობს ქვეყნის ოკუპანტისთვის დანაწევრებას. ზოგიერთი ოპოზიციური პარტია კი, ამ ადმინისტრაციის სახელისა და ფორმატის შეცვლით, შენარჩუნებას ემხრობა.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. განსაკუთრებით კითხვის ნიშანია, რატომ ახლა? კონტექსტი, რასაც დიდი ხანია, ვაკვირდებით, დაიწყო ივანიშვილის მიერ ოკუპანტის წინაშე საჯარო ბოდიშის მოხდით. შემდეგ ეს გაგრძელდა წულუკიანის კომისიით, რომელმაც ომის დაწყებაში ქართული მხარე დაადანაშაულა. შემდეგ ამას მოჰყვა გიორგი გახარიას წინააღმდეგ ქართული მიწების დაცვის გამო აღძრული საქმე, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აღძრული საქმე. ამ ყველაფერს როდესაც მოჰყვება ეს ახალი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ეს ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ დაკარგავს საქართველო საკუთარ პოზიციებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. არაერთი ფაქტი არსებობს, თუ რამდენად უკმაყოფილო იყო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის წარმომადგენლობა ჟენევის მოლაპარაკებებში ადმინისტრაციის წარმომადგენლის დასწრებით. თუმცა რაც შეეხება თავად ტერმინს, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყენებენ, როგორც ამ გადაწყვეტილების გამართლების საბაბს, ჩვენ მივესალმებოდით და ჩვენი ინიციატივა იქნებოდა „სამხრეთ ოსეთის“ ნაცვლად სამაჩაბლოს გამოყენება”, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ.
„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის“ გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის გამოაცხადა. პროცესი პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. ამას „ქართულ ოცნებაში“ ეროვნული ინტერესების გატარების შესაბამის გადაწყვეტილებას უწოდებენ, ოპოზიციაში კი პირიქით თვლიან.
ალეკო გვეტაძე

