„ჩვენ საკუთარ მიდგომაზე ვართ კონცენტრირებული. იმისთვის, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ იმუშაოს, უკრაინელებისა და ევროპელების თანხმობაა საჭირო“, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ევრონიუსის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირმა საკუთარი ადგილი სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ევრონიუსმა მას ჰკითხა, თუ რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების პროცესს მიღმა აღარასდროს დარჩეს. პასუხად კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკს საკუთარი გეგმა აქვს და ამ გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი რუსეთზე ზეწოლაა.
„ვფიქრობ, დღეს ყველას „დეჟა ვუს“ შეგრძნება გვაქვს, რადგან ასეთი რამ ადრეც გვინახავს: ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ყველას ზურგს უკან გეგმაზე მუშაობენ, ეს გეგმა უკრაინისთვის მიუღებელია, ევროპელები გაბრაზებულები არიან, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას ითხოვენ, მედია წერს, რომ ევროპა განზეა გაწეული. იცით, ეს როგორც ხდება. ეს თქვენთვის პრობლემაა, სულ მცირე, საზოგადოებრივი აღქმის თვალსაზრისით. კონკრეტულად რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამის შესაცვლელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება? რადგან ის, რაც სასწორზე დევს, თქვენთვის, ევროკავშირისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო? გჭირდებათ ახალი სტრატეგია, ახალი მიდგომა ან კომუნიკაციის ახალი არხი? რა არის საჭირო იმაში დარწმუნებისთვის, რომ ეს აღარ გამეორდება და თქვენ მაგიდასთან ადგილი ნამდვილად გექნებათ?“ – ჰკითხა ევრონიუსის ჟურნალისტმა, ჟორჟ ლიბორეირომ კაია კალასს.
„იცით, ოთახში მყოფი მინისტრები ამ საკითხზე, ასე ვთქვათ, მტკიცე და მშვიდები იყვნენ, რადგან ეს ადრეც გვინახავს და რადგან სამშვიდობო გეგმები ვერ იმუშავებს, თუკი ევროპელები და უკრაინელები მას არ დაეთანხმებიან. ამიტომაც ეხება დღევანდელი დისკუსიები იმას, თუ რას ვაკეთებთ და როგორ ვმოქმედებთ. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ორპუნქტიანი გეგმა გვაქვს – პირველი პუნქტი რუსეთზე ზეწოლაა და დღეს ძალიან ინტენსიურად განვიხილეთ, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ „ჩრდილოვან ფლოტთან“, რადგან შეხვედრაში მონაწილეობდა ევროპული დაზვერვის ხელმძღვანელი, რომელიც კონკრეტულ მაგალითებსა და ციფრებს გვაწვდიდა იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს „ჩრდილოვან ფლოტზე“ სანქციებს და როგორ ამცირებს ეს რუსეთის შემოსავლებს, რომლებიც ომის დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ჩვენი მიდგომა და ამიტომაც ვამახვილებთ ყურადღებას ჩვენს საკუთარ ნაბიჯებზე. იმისთვის, რომ ნებისმიერმა სამშვიდობო გეგმამ იმუშაოს, უკრაინელებისა და ევროპელების თანხმობაა საჭირო“, – განაცხადა კაია კალასმა.

