მთავარისაქართველო„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, მზია ამაღლობელის განაჩენის, 2-წლიანი პატიმრობის, ძალაში დატოვებას გმობს.

„მისი დაკავებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, მზია ამაღლობელი – ორი გამორჩეული დამოუკიდებელი მედიის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი – პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა საქართველოში, სადაც მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, კიდევ უფრო ამკაცრებს განსხვავებული აზრის ავტორიტარულ დევნას “, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ აღნიშნავს იმასაც, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, უზენაეს სასამართლოში აპირებენ და რომ ორგანიზაცია საქმის მონიტორინგს, ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნასა და საქართველოში პრესის თავისუფლების დაცვას გააგრძელებს. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ თუ შიდასამართლებრივი საშუალებები ამოიწურება, „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ საქმის ევროსასამართლოში განხილვას დაუჭერს მხარს.

ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე ათი თვეა პატიმრობაშია. მეორე ინსტანციაში მისი საქმის განხილვა 18 ნოემბერს დასრულდა. სააპელაციო სასამართლოში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ორივე მხარე ასაჩივრებდა. პროკურატურა ითხოვდა, ჟურნალისტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით გასამართლებულიყო, რომელიც მას თავდაპირველად წარედგინა. ეს კი პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაცვის მხარე კი, მეორე ინსტანციაში მზია ამაღლობელის გამართლებას ითხოვდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, მზია ამაღლობელი, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის ნაცვლად, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში ცნო დამნაშავედ და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ მოსამართლე ნინო სახელაშვილის ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend