„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე განცხადებას აქვეყნებს. საუბარია 24 ნოემბერს, ლოდონში დანიშნულ სასამართლო პროცესზე. ამ დღეს გამოცხადდება გადაწყვეტილება შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე. ეს დავა უკვე რამდენიმე წელია გრძელდება.
ადვოკატ თემო წიქვაძის თქმით, განაჩენის გამოცხადების დღე მან საჯარო სივრცით შეიტყო და დასძენს, რომ არც აპირებდა ამ თემის ირგვლივ რაიმე განმარტების გაკეთებას. მისივე თქმით, საკითხზე განცხადების გავრცელება გადაწყვიტა თემის პოლიტიკური განხილვის გამო.
წერილში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი საუბრობს ე.წ. დიფ სთეითის გავლენებზე, რომელმაც, მისივე მტკიცებით, „მარტივად გადაიბირა კონკრეტული პირი, „კრედიტ სუისში“ მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი“.
ადვოკატ თემო წიქვაძის განცხადებით, სწორედ ამ პირის „ხელით გაძარცვეს ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები“, წლების შემდეგ კი ეს პიროვნება ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ფაქტს, როგორც უფლებადამცველი ამბობს, „თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს, საქმე კი დაიხურა“:
„სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში „რუსული ინტერესების“ გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იმავე „დიფ სთეითს“ აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება, მითუმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები.
გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის „რუსული ინტერესი“, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის – „შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“! – წერს ადვოკატი.
ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი ახსენებს კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკის, „ჯულიუს ბაერის“ საქმესაც, რომელიც, მისივე შეფასებით, „სპეცსამსახურების მიერ არის კონტროლირებადი“:
„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს „რუსული ინტერესების გატარებისთვის“ ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს „დიპ სტეიტისთვისაც“ კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან.
ასეთია ძალიან მოკლე მიმოხილვა იმ პროცესების, რომელიც წლებია გრძელდება და რომელმაც ჩვენ თვალწინ შექმნა უპრეცედენტო მაგალითი ადამიანის დევნის, ძარცვისა და შანტაჟის მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების, იგივე „დიფ სთეითის“ მითითებების შემსრულებლად. სხვა მაგალითებს რომ თავი დავანებოთ, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაცია მთლიანად არაფორმალური გავლენების მქონე პირებისგან იმართებოდა, ხოლო თავად ხმალამოღებული იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციებიც სწორედ ამ არაფორმალური მმართველების მიერ არის დაწესებული და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, არის თუ არა პრეზიდენტის ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ რეალური…“
განცხადების მიწურულს ადვოკატი თემო წიქვაძე წერს, რომ როგორც „კრედიტ სუისის“, ისე „ჯულიუს ბაერის“ საქმეები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟისთვის გამოიყენება:
„საზოგადოებას დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებთ, რომ ჩვენი მხარისთვის ისიც კი უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა, რაც საჯარო სივრციდან გავიგეთ. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს (აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი აღარ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით), მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ…“


