2026 წლიდან თბილისის მთავრობა გეგმავს, ზოგიერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ჯარიმების ოდენობის გაზრდას.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, დაახლოებით 5-ჯერ გაიზრდება ის ჯარიმები, რომლებიც ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებას, მის არასათანადო წესით ტრანსპორტირებას, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას, ასევე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის არასწორად განთავსებასა და რეალიზაციას.
მისივე განცხადებით, უკვე მზად არის დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი, რომლის ოდენობა 2 მილიარდ 82 მილიონ 482 000 ლარს შეადგენს, რაც კახა კალაძის თქმით, გასულ წელთან შედარებით არის თითქმის 100 მილიონი ლარით მეტი.
თბილისის მერიამ ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, თბილისის საკრებულოს 10 დეკემბერს უნდა წარუდგინოს.
კახა კალაძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არის დიდუბე-დიდი დიღმის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობა, ასევე მეტროსადგურების მოდერნიზება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ტრამვაის შვიდ კილომეტრ-ნახევრიანი და 11 გაჩერების მქონე ხაზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელიც 416 მილიონ ლარს აღემატება.
წინადადებების მიღების ბოლო ვადად 22 დეკემბერი არის განსაზღვრული.
გარდა ამისა, უკვე არაერთი წელია, რამდენჯერმე გადავადდა დედაქალაქის არსებული მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის „ვარკეთილისა“ და „გურამიშვილის“ სადგურების, სადაც რამდენიმე წელია, ვერ დასრულდა ჭერის მოწყობა.

