ევროკავშირის ქვეყნებს შორის ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი ყველაზე მაღალი ლიეტუვაშია. კაუნასის საავადმყოფო, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით თანამედროვე რემონტი ჩაუტარდა, მიზნად ისახავს ამ დაავადების შეჩერებას ნაწილობრივ იმ გენეტიკური ტესტის საშუალებით, რომელსაც ტუბერკულოზის დიაგნოზის დასმა სულ რაღაც ოთხ საათში შეუძლია.
ეს დაავადება ადვილად გადადის და მომაკვდინებელია. ტუბერკულოზით, ანუ ფილტვების დაავადებით, მსოფლიოში 11 მილიონი ადამიანი იტანჯება. ამ მხრივ ლიეტუვა ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ევროკავშირში, რადგან იქ 100 ათას მოსახლეზე 23 დაავადებული მოდის, მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი, მაგალითად, საფრანგეთში – შვიდია.
სკაიდრიუს მილიაუსკასი, ლიეტუვის ჯანდაცვის მეცნიერებათა საავადმყოფოსთან არსებული უნივერსიტეტის პულმონოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი:
„პრინციპიში ეს ჩვენი ისტორიის ბრალია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაავადებულთა რიცხვმა იმატა. ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 87 შემთხვევას (100 ათას კაცზე) 1997 წელს მიაღწია, მერე ვითარება თანდათან გაუმჯობესდა.“
ეს ენდემური პრობლემა რომ მოეგვარებინა, ევროკავშირმა საავადმყოფოს განახლებაში ჩადო ინვესტიცია.
ბრონქოსკოპი, რომელიც ევროკავშირის დახმარების შედეგად მიღებული ახალთახალი ინსტრუმენტია, საშუალებას აძლევს ექიმს, რომ ტრაქეა და ბრონქები გამოიკვლიოს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ტუბერკულოზის დაიგნოზის დასმისთვის.
კაუნასის გარეუბანში, რომელიც ლიეტუვის სიდიდით მეორე ქალაქია, რომაინიუს საავადმყოფოში ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს 1937 წლიდან მკურნალობენ. ეპიდემიის პიკში აქ 500 საწოლი იდგა – დღეს 150 დგას. მათი უმეტესობა ტუბერკულოზიან პაციენტებს უკავიათ. 2016 წლიდან მოყოლებული საავადმყოფოს ძველი შენობების გარემონტება დაიწყეს. ოთხწლიანი პროცესი 13 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა, რომლის 85% ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დააფინანსეს. შედეგი – თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პალატებია. რევოლუციური გენეტიკური ტესტის საშუალებით, დიაგნოზს ოთხ საათში სავმენ და მედიკამენტის მიმართ რეზისტენტულობასაც ადგენენ.
„მანამდე სამი ან მეტი კვირა უნდა გეცადა. ასე დროსაც ვზოგავთ, პაციენტსაც და მისი გადარჩენის შანსიც იზრდება,“ – სკაიდრიუს მილიაუსკასი.
ტუბერკულოზი არის დაავადება, რომლითაც შესაძლოა დაინფიცირდეთ ჰაერში არსებული მიკროსკოპული სეკრეციული ნაწილაკების მეშვეობით, მაგრამ ის არასდროს განვითარდება. მთელ მსოფლიოში ინფიცირებული 2 მილიარდი ადამიანიდან, მხოლოდ 5 პროცენტი ხდება ავად. ეს დაავადება ყველაზე მეტად სოციალურად უმწეო ადამიანებს აზიანებს. ტუბერკულოზთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ რთულია მისი აღმოჩენა.
„ძირითადი სიმპტომებია ხველა, სისუსტე, წონის კარგვა და ცხელება, ზოგჯერ ხველას სისხლი მოჰყვება,“ – განმარტავს გრეტა მუსტეიკიენე, პულმონოლოგი.
ტუბერკულოზით დაავადებული ალმა ბალჩუნიენე ექვის თვით მოათავსეს საავადმყოფოში. მისი მკურნალობა შეიძლება კიდევ 18 თვეს გაგრძელდეს. თუ გაუმართლებს – ცოტას შინ იმკურნალებს.
„თავიდან ემოციურად ძალიან გამიჭირდა. ბევრს ვტიროდი. მაგრამ ერთი კვირის მერე შევეჩვიე. ახლა კარგად ვარ,“ – ამბობს ალმა.
კაუნასის საავადმყოფო ცდილობს, რაც შეიძლება შეამციროს დაავადებულთა რიცხვი და დასავლეთ ევროპის მაჩვენებლს გაუტოლოს. ლიეტუვაში ამ დაავადების მქონე პაციენტების რაოდენობა ბოლო 60 წელიწადში 90%-ით შემცირდა.
ავტორი: ლორენს ალექსანდროვიჩი

