მთავარისაქართველოევროკავშირი: ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირია - თბილისი ბრალდებას უარყოფს

ევროკავშირი: ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირია – თბილისი ბრალდებას უარყოფს

საქართველოს ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები ერთმანეთს აღარ შეხვდებიან, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ყოველწლიური დიალოგის ფარგლებში.

ტექნიკური შეხვედრების ეს ფორმატი, გაურკვეველი ვადით და სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბრიუსელი არ არის მზად „ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციების“ მოსასმენად. დიპლომატიურ უწყებას არგუმენტად მოჰყავს ევროკავშირის საბჭოს მიერ 2024 წლის 27 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც, მათი თქმით, საქართველოსთან დიალოგი ყველა დონეზე შეჩერდა:

„ქართული მხარე აღნიშნულ შეხვედრას განიხილავდა, როგორც ევროკავშირთან ჩართულობის შესაძლებლობას, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელზეც ჩვენს საზოგადოებას ხშირად ესმის ბრიუსელის კრიტიკა.

ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაო გაწია იმისათვის, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ევროკავშირის მხარისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ყოფილიყო შესაძლებელი და სწორედ ამ საჭიროებების გათვალისწინებით, შედგა საქართველოს დელეგაციაც შესაბამისი უწყებების მონაწილეობით.

სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მონდომების მიუხედავად, ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით.

აღნიშნული საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს და ქმნის აღქმას, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს არ ამოძრავებდა შეხვედრის ჩატარების გულწრფელი სურვილი და ბრიუსელი არ არის მზად მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები, მათ შორის იმ საკითხებზე, რაც გამოყენებულ იქნა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისთვის.

ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია და მიიჩნევს, რომ პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა.

შესაბამისად, ბრიუსელის მხრიდან შეწყვეტილი დიალოგის სრულად განახლების შემდეგ, განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებით ევროკავშირთან დიალოგის ფორმატებში ჩართვას“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისის მსგავსად, დიალოგისთვის მზად არის ბრიუსელიც, სადაც ევროკომისიის პრესსპიკერმა, შეხვედრის გადადების ქართული მხარისგან განსხვავებული მიზეზი დაასახელა.

ანიტა ჰიპერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დელეგაციის სიაში სანქცირებული თანამდებობის პირი შეიყვანა.

ევროპელი დიპლომატის მოსაზრებას არ იზიარებს სახელისუფლებო დელეგაციის წევრი და შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. ბრიუსელის გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარი აღმოჩნდა:

„თუკი მათ აინტერესებთ საქართველოს ოფიციალური პოზიცია იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობდნენ, ჩვენ მზად ვართ, ამომწურავად ვუპასუხოთ…

რაც შეეხება სანქცირების საკითხს, ევროკავშირის მიერ საქართველოს არცერთი მოქალაქე არ არის სანქციებული, შესაბამისად, ეს მოსაზრება ყოველგვარ რეალობას სცდება. საქართველოს მხარე განსაზღვრავს დელეგაციის შემადგენლობას იმ საკითხების მიხედვით, რა საკითხებიც სწორედ მათი მხრიდან იქნება დასმული. საქართველოს დელეგაციას განსაზღვრავს საქართველოს მხარე და გასცემს პასუხს იმ კითხვაზე, რაც გააჩნიათ ევროკავშირის შესაბამის წარმომადგენლებს…“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

ის, რომ ევროკავშირისა თუ ევროკომისიის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებზე საქართველო ბოლო პერიოდში სულ უფრო იშვიათად არის მიწვეული, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას უკავშირებს. მათი ვერსიით, დელეგაციის წევრთა შორის მმართველმა პარტიამ რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული პირი მიზანმიმართულად შეიყვანა.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო, არ მიიწვიეს არც ევროგაერთიანების გაფართოების, 18 ნოემბრის ფორუმზე. ხელისუფლებისთვის ეს ნაბიჯი შეაფასდა, როგორც „ბრიუსელის მახინჯი და საბჭოთა კავშირის დიქტატორული პოლიტიკა“. „ქართული ოცნების“ წევრებისთვის გადაწყვეტილება გაუგებარი აღმოჩნდა, რადგან, მათი მტკიცებით, საქართველო არის „რეფორმების გატარებისა და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანი“ ქვეყანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend