ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი – 2-წლიანი პატიმრობა.
„რწმენას თუ დავკარგავთ, რეჟიმი აუცილებლად არაერთხელ დაგვაპატიმრებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ მუდმივად დამცირებულები, შეურაცხყოფილები და საკუთარი ქვეყნიდან განდევნილებიც ვიყოთ.
პატიმრობა სასურველი არაა, არც მარტივია, მაგრამ არც საშიში არ არის. მე პატიმრობა კი არ მაშინებს – მაშინებს ის, პატიმრობიდან რომ გამოვალ, გარეთ რა დამხვდება.
დამხვდება ქვეყანა, რომელიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის იბრძვის… თუ დამხვდება რუსეთის მიერ ტანკის გარეშე დაპყრობილი ქვეყანა?!
ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ამ დარბაზშია, ღირსება საქართველოს კონსტიტუციის დაცვაზე გადის. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვიბრძოლოთ, სანამ გვიანი არ არის“, – თქვა მზია ამაღლობელმა სხდომათა დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
„მზია სინდისის პატიმარია და სინდისის პატიმარი დამნაშავე ვერ იქნება. დამნაშავეა სისტემა, რომელიც მწვანე შუქს უნთებს ინსტიტუციურ ძალადობას. და ნებისმიერი სისტემური ძალადობა წარმატებულია მხოლოდ მაშინ, როცა სასამართლო ამის უფლებას იძლევა”, – თქვა ჟურნალისტის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა რამდენიმე საათიანი დასკვნითი სიტყვის დასასრულს.
მანამდე, სხდომის დაწყებისას მანვე თქვა ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო სინამდვილეში „პოლიციისა და ირაკლი დგებუაძის შელახული ღირსების საქმეს” განიხილავს და რომ ამას „სისხლის სამართალთან არანაირი შეხება არ აქვს“. მისი დასკვნითი სიტყვის პარალელურად, სხდომათა დარბაზში პერიოდულად ისმოდა სასამართლოს ეზოსთან შეკრებილთა შეძახილებიც.
მზია ამაღლობელის ადვოკატები მეორე ინსტანციაში ჟურნალისტის უდანაშაულოდ ცნობასა და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. პროკურატურის მოთხოვნა კი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით გასამართლება იყო, რომელიც მას თავდაპირველად წარედგინა. ეს კი პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს დასკვნითი სიტყვით წინა პროცესზე მიმართა. პროკურორმა შოთა ჩხაიძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბევრად უფრო მსუბუქი სასჯელი შეუფარდა, ვიდრე ეს „კანონით არის გათვალისწინებული“.
სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო. „ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალსა და სამართლიანობასთან, ჩემი პატიმრობა რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – თქვა მზია ამაღლობელმა პირველ სხდომაზე.
აგვისტოში პირველი ინსტანციის სასამართლომ მზია ამაღლობელი პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის ნაცვლად პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტის ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა და მას 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
