კატეგორიები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი კვლავ უკმაყოფილოა თბილისის განცხადებებით

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი კვლავ უკმაყოფილოა თბილისის განცხადებებით

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ.

ოკუპირებულ რეგიონში აცხადებენ, რომ მიუხედავად თბილისიდან ბოლო პერიოდში წამოსული შემრიგებლური ტონისა, ცხინვალისთვის კვლავ მიუღებელი რჩება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები რუსული ოკუპაციის შესახებ.

„სამხრეთ ოსეთის მიმართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიდგომა და რიტორიკა ბოლო წლების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა.

17 ნოემბერს ქართული მედიასაშუალებებით გავრცელდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებები ე.წ. „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ გაუქმების თაობაზე.

კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელმა პაპუაშვილმა საკუთარ განცხადებაში უარყოფითად შეაფასა 2006 წელს, მაშინ ჯერ კიდევ თბილისის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ოსეთის გარკვეულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნები.

მიუხედავად თბილისიდან წამოსული შემრიგებლური ტონისა, ჩვენ კვლავ ვხედავთ გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და სუბიექტური მოსაზრებების გამოყენებას, მათ შორის ბრალდებებს „რუსული ოკუპაციის“ შესახებ და ა.შ.“ – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ აქვთ იმედი, რომ თბილისი შეეგუება 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ გარემოებებს.

17 ნოემბერს პარლამენტში დარეგისტრირდა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა და თავად ადმინისტრაციის გაუქმებას.

ამავე ინიციატივის თანახმად, უქმდება ორი კანონი: „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები