კატეგორიები

გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ასამართლებენ

გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ასამართლებენ

„თავს დამნაშავედ არ ვთვლი. მე ვიქნები საქართველოს, და შესაძლოა მსოფლიოს ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელიც გვირაბში მანქანის გაჭედვის გამო მიეცა პასუხისგებაში“, – განაცხადა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს, გამართულ სასამართლო სხდომაზე. ამჯერად მას „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ასამართლებენ.

ამ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ „მტკვარი ჰესის“ მშენელობა წლების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამას ხელი ობიექტურმა მიზეზებმა – პანდემიამ და მეწყრულმა პროცესებმა შეუშალა. შედეგად გვირაბში საბურღი მანქანა გაიჭედა. ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ ამ საქმეში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.

გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ეს მუხლი სასჯელის ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, კრიპტოვალუტის მითვისებაში. ამ საქმეზე მას 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. იგი უკვე გასამართლდა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. ამ საქმის ფარგლებში მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები