კატეგორიები

„ემსგავსება ევროკავშირი საბჭოთა კავშირს”- „ქართული ოცნება” გაფართოების სამიტზე

„ემსგავსება ევროკავშირი საბჭოთა კავშირს”- „ქართული ოცნება” გაფართოების სამიტზე

ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის გაფართოების ფორუმი იმართება, არ არიან მიწვეული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

მმართველ პარტიაში ბრიუსელის გადაწყვეტილებას „მახინჯ პოლიტიკას“ უწოდებენ, რითაც „ქართული ოცნების“ წევრთა შეფასებით, ევრობლოკი „საბჭოთა კავშირს ემსგავსება“.

ხელისუფლების წევრებს არგუმენტად კვლავ მოჰყავთ კონკრეტული ანგარიშები, რომელთა თანახმადაც, მათი მტკიცებით, საქართველო ბევრად წინ არის, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოები:

„სახელმწიფო, რომლის წინსვლაზე, პროგრესზე თვალის დახუჭვა და დამალვა თვით ევროსტრუქტურებშიც კი საკმაოდ რთული და ძნელია, მაშინ, როდესაც ობიექტურად აფასებენ და აქვეყნებენ კონკრეტულ რეიტინგებს, ეს ქვეყანა გაფართოებასთან არსებულ მსჯელობაზე, პრაქტიკულად, მიწვეული არ იყო. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ინტერესი ჩვენს საზოგადოებაზე ზეწოლის, საზოგადოებაზე ძალმომრეობის. ამასთან, ინსტრუმენტად გამოყენების იმ რესურსის, რაც ევროკავშირს აქვს მის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით.

ძალიან რომ ემსგავსება ევროკავშირი საბჭოთა კავშირს, ძალიან რომ ჰგავს უკვე ბრიუსელის პოლიტიკა იმ „დიქტატორული სოუსით შეკმაზულ“ პოლიტიკას, რაც ყოველთვის გააჩნდა საბჭოთა კავშირს საკუთარ რესპუბლიკებთან მიმართებით, ფაქტია…“ – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

ევროკავშირის გაფართოების ფორუმის საქართველოს გარეშე გამართვას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ამ კონტექსტში დიპლომატმა ახსენა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხი. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, იმედოვნებს, რომ ბრიუსელი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც, მისი შეფასებით, ქართველი ხალხის დასჯას ითვალისწინებს:

„საქართველოსთან მიმართებით სავიზო რეჟიმის წესების ცვლილებებს განიხილავენ, ამ საკითხზე მუდმივად საუბრობენ მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ქართულ საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხით აშინებდე.

ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ბრიუსელი ყველა მექანიზმს, ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს ან ქართული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს გარკვეული სადამსჯელო ინსტრუმენტები…“

საპირისპირო შეფასებები ისმის ოპოზიციაში. მმართველი პარტიის ოპონენტები არ იზიარებენ „ქართული ოცნების“ შეფასებებს და ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ხელისუფლებამ შეაჩერა. ოპოზიციაში ასევე საუბრობენ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებზე.

 

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები