კატეგორიები

ბრიუსელში უარყოფითად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, გააუქმოს ანტიკორუფციული ბიურო

ბრიუსელში უარყოფითად აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, გააუქმოს ანტიკორუფციული ბიურო

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 2026 წლის მარტიდან ითვალისწინებს, მათ შორის, ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმებასა და მისი ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემას, ეხმიანებიან ბრიუსელში.

გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა გიომ მერსიემ განაცხადა, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

მისი განმარტებით, ევრობლოკში გაწევრების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი არის კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის პატივისცემა:

„ჩვენი პოზიცია საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე, მკაფიოდ აისახა ჩვენს გაფართოების ბოლო ანგარიშში. მასში ნათქვამია, რომ საქართველოში უკუსვლა იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში.

ასევე, ანგარიშში არის რეკომენდაცია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს,  სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის დამოუკიდებლობა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ბოლოდროინდელი მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტად შორდება ევროკავშირის გზას“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა გიომ მერსიემ.

პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები.

მმართველი პარტია გეგმავს, 2026 წლის მარტიდან გააუქმოს ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და ბიზნესომბუდსმენის აპარატი, როგორც ცალკეული უწყებები. მათ უფლებამოსილებას სხვადასხვა, უკვე არსებული სტრუქტურა შეითავსებს.

 

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები