კატეგორიები

ახალ „საარჩევნო კოდექსს“ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ

ახალ „საარჩევნო კოდექსს“ არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს „საარჩევნო კოდექსში“.

ორგანიზაციის განცხადებით, „თანამედროვე საზოგადოების გეოგრაფიული მობილობის გათვალისწინებით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობისგან მოწყვეტა ინკლუზიური დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, რაც, მათივე შეფასებით, „აზიანებს არჩევნების საყოველთაობის პრინციპს“.

ISFED-ს არგუმენტად მოჰყავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, „პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ეფექტური, თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო უფლებების მინიჭებას მოქალაქეთა რაც შეიძლება მეტი რაოდენობისთვის, მათ შორის, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებას“.

„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს შეზღუდვად აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

ორგანიზაციას არგუმენტად მოჰყავს ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომლის თანახმადაც, „სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ პოზიტიური მიდგომა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებასთან დაკავშირებით“.

საიას განმარტებით, ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამ  ფონზე, მათი შეფასებით, „დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ შესაძლებლობის წართმევა“.

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებს საია მეტად პრობლემურს უწოდებს იმის გათვალისწინებითაც, რომ პარალელურად „ქართული ოცნება“ აწარმოებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის მიზანი არის კონკრეტული ოპოზიციური პარტიების გაუქმება.

ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსის“ განხილვა 19 ნოემბერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიწყება.

Related news
ევრონიუს ჯორჯია – განცხადება გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები