მთავარიევროპაუნგრეთი„დავითისა და გოლიათის ბრძოლა“ - უნგრეთში მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადებიან

„დავითისა და გოლიათის ბრძოლა“ – უნგრეთში მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის ემზადებიან

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვე რჩება. მოსკოვთან დაახლოებულ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, როგორც ჩანს, უპრეცედენტო გამოწვევა ელის მისი ყოფილი თანაგუნდელისა და ოპოზიციური ლიდერის, პეტერ მადიარის სახით, რომელიც სწრაფად იზიდავს მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო ამომრჩევლებს.

„ჩვენ ვგლოვობთ იმ ბოლო 20 წელს, რომელიც ფუჭად დაიკარგა. ამ პერიოდში ორბანის მთავრობამ უამრავი შესაძლებლობა გაანიავა. შეიძლებოდა, რომ უნგრეთი დღეს სრულად ევროპული, ცივილიზებული და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ყოფილიყო.

რა თქმა უნდა, ვიქტორ ორბანის საზიზღარი, კორუმპირებული მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამაში ეჭვიც არ გვეპარება. ასე წარსულშიც იქცეოდნენ, თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მოსახლეობის მხარდაჭერა მათ აღარ აქვთ“, – ამბობს პეტერ მადიარი, უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

ვიქტორ ორბანის გახანგრძლივებულ მმართველობას თან ახლდა სუსტი ეკონომიკური მაჩვენებლები და მაღალი ინფლაცია. პრობლემები, რომლებიც უნგრეთისთვის განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა. ორბანმა პირველად პრემიერ-მინისტრის პოსტი 1998 წელს დაიკავა, ხოლო 2010 წლიდან მოყოლებული თანამდებობას ზედიზედ მეოთხე ვადით ინარჩუნებს. კრიტიკოსები მას კორუფციაში, ანტიდემოკრატიულ და ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ.

ანდრაშ ბირო-ნაგი, ბუდაპეშტში მოქმედი პოლიტიკური ანალიტიკური ცენტრის დირექტორი, განმარტავს, რომ უნგრეთში არჩევნებს უკვე წლებია, „თავისუფალი, მაგრამ უსამართლოა“.

„ტერმინი „თავისუფალი, მაგრამ უსამართლო” რამდენიმე არჩევნების დროს გამოიყენეს და ვფიქრობ, სიტუაცია ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთოდ არ შეცვლილა. უნგრეთის არჩევნებში თანაბარი პირობები უბრალოდ არ არსებობს“, – ამბობს ანდრაშ ბირო-ნაგი, პოლიტოლოგი.

თავად პეტერ მადიარიც აღიარებს თანაბარი პირობების არარსებობას. მისი პარტია „ტიზა“ ძალიან მცირე რესურსით მოქმედებს. პოლიტიკოსი ამ პროცესს „დავითისა და გოლიათის ბრძოლასაც“ ადარებს.

ამ ბრძოლის მოსაგებად კი ის აქტიურად მოგზაურობს ქვეყნის პერიფერიებში, ამომრჩევლებს ხვდება და ამ პროცესს „გამარჯვების გზას“ უწოდებს.

თავად ორბანი კი ამომრჩევლის თვალში მადიარის დისკრედიტაციას ცდილობს და მას წარმოაჩენს როგორც ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს. ამტკიცებს, რომ მადიარის გამარჯვება უნგრეთს დაასუსტებს და უკრაინის ომში ჩართავს.

„არ ვიცი, საერთოდ ნორმალურია თუ არა ჩვენს ოპონენტებზე თანაგრძნობით საუბარი. პასუხია არა. ხალხს ისინი არ სჭირდება. მემარცხენე ფრთა ინტელექტუალურად და სულიერად დაცარიელდა. ის მხოლოდ იმ ხალხის ბრბოა, რომელიც ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიკრიბა. ასეთია რეალობა და ეს საკმაოდ სამწუხაროა“, – ამბობს ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ამ რიტორიკის გასაძლიერებლად ვიქტორ ორბანს ეხმარება სამთავრობო მედიაც და არა მხოლოდ…

„ჩვენ წინაშე დგას აშკარა პროპაგანდის მანქანა: საიდუმლო სამსახურები, შეუზღუდავი სამთავრობო ფული და უზარმაზარი ძალაუფლება. ეს არ არის ნორმალური მთავრობა. ორბანის მთავრობა ძალაუფლების ბოროტი მანქანაა. ჩვენ კი აქ ვდგავართ ჩვენი ძალებით, ძალიან მწირი რესურსითა და ფინანსებით და უნგრეთის დროშას ვაფრიალებთ”, – ამბობს პეტერ მადიარი, უნგრეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი.

მიუხედავად მთელი ამ რესურსისა, ბოლო გამოკითხვების უმეტესობა აჩვენებს, რომ პეტერ მადიარი და მისი პარტია „ტიზა“ ორბანის „ფიდესს“ უსწრებს. ეს კი უნგრეთში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ოპოზიციისთვის უპრეცედენტო მოვლენაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend