ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ორივე მხარე ასაჩივრებს. პროკურატურა ითხოვს, ჟურნალისტი გასამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც მას თავდაპირველად წარედგინა. ეს კი პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის ზომად 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება დაცვის მხარეს: ადვოკატები მეორე ინსტანციაში მზია ამაღლობელის გამართლებას ითხოვენ.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მზია ამაღლობელი პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის ნაცვლად პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ჟურნალისტის ბრალი განაჩენის გამოცხადებისას გადააკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვა თქვა ბრალდების მხარემ. პროკურორმა შოთა ჩხაიძემ პროცესზე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბევრად უფრო მსუბუქი სასჯელი შეუფარდა , „ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული“. მანვე სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ ჟურნალისტის პატიმრობიდან ათი თვის თავზე მისი ტელეფონის ექსპერტიზა დასრულდა.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სტეიტის კვალი არ აღმოჩნდა“, – თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სხდომათა დარბაზში.
პროცესზე ცნობილი გახდა ისიც, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატები ჟურნალისტისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ამ წინადადებით, მათ უკვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რათა შესაბამისი პროცედურა დაიწყოს. მიზეზი მზია ამაღლობელის მხედველობის მკვეთრი გაუარესებაა.
სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო. „ამ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს სამართალსა და სამართლიანობასთან, არც ბატონი პროკურორის ბრალდების კვალიფიკაციასა და არც სახელაშვილის განაჩენთან. ჩემი პატიმრობა რეჟიმის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – თქვა მზია ამაღლობელმა პირველ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოში.
ამავე სხდომაზე ჟურნალისტის ადვოკატებმა მოითხოვეს საქმის მასალებს დართვოდა ის ჯილდოები, რომლებიც მზია ამაღლობელმა გასული თვეების განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიიღო – მათ შორის, ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯილდო და ევროკავშირის სახაროვის პრემია.
ავტორიტეტიანი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი უკვე ათი თვეა, პატიმრობაშია. მეორე ინსტანციაში მისი საქმის განხილვა 18 ნოემბერს უნდა დასრულდეს. სწორედ 18 ნოემბრის სხდომაზე უნდა თქვას დასკვნითი სიტყვა ჟურნალისტის დაცვის მხარემ, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლოს კოლეგია გადაწყვეტს, შეცვლის თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ განაჩენზე.

