მთავარისაქართველოხელისუფლება საქართველოში გერმანიის ელჩის ქმედებებს „ქვეყნის უპატივცემულობას“ უწოდებს

ხელისუფლება საქართველოში გერმანიის ელჩის ქმედებებს „ქვეყნის უპატივცემულობას“ უწოდებს

„აბსოლუტურად სამარცხვინო დამოკიდებულება“ – ეს არის მმართველი პარტიის წარმომადგენელთა საერთო შეფასება საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის შესახებ.

კონსულტაციების შემდეგ ბერლინიდან თბილისში ახლად დაბრუნებული დიპლომატი 13 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა და დემონსტრანტებს სოლიდარობა გამოუცხადა.

დიპლომატის ამ ნაბიჯს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კითხვები მოჰყვა. შალვა პაპუაშვილის ადრესატი მხოლოდ პეტერ ფიშერი არ ყოფილა. მან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა:

„რა სურთ მათ? სურთ ქართველ ხალხთან ხიდების გადება თუ ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ?! რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც ქართულ სახელმწიფოს მასხრად იგდებს, მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია, წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხიდები აგებული იქნება გერმანიის მხრიდან…“

გერმანიის ელჩის ქმედებებში ე.წ. „დიფ სტეიტის“ კვალს ხედავს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე:

„ჩვეულებრივი „აკაცუკია“, სხვა ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანს… ვიცით, რომ „დიფ სტეიტს“ ჰყავს თავისი წარმომადგენელი ქვეყნის შიგნით, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს და არიგებს ძალადობრივ ჯგუფებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. სრულ კოორდინაციაში არიან. ძალიან სამწუხაროა, როდესაც დიპლომატი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული…“

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ელჩს ამ ქმედებით დიპლომატიური ეტიკეტი არ დაურღვევია. ხელისუფლების ოპონენტები ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაუარესებას „ქართულ ოცნების“ საგარეო პოლიტიკას უკავშირებენ და პასუხისმგებლობასაც მმართველ პარტიას აკისრებენ.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ყველა ქვეყანაში აქვთ უფლება, შეუერთდნენ ნებისმიერ დემონსტრაციას. როდესაც ვამბობთ, „შეუძლია შეუერთდეს“, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ამ აქციის მონაწილე ხდება. ის უბრალოდ ხვდება დემონსტრანტებს, ესაუბრება მათ და ეს არის აპრობირებული პრაქტიკა ცივილიზებულ სამყაროში. ივანიშვილისა და მისი „ბანდისთვის“ უფრო მისაღებია სიტყვიერი შეურაცხყოფები… ეს მართლაც არის მიუღებელი, რადგან ეს არა მხოლოდ დიპლომატიურ ეტიკეტის დარღვევაა, არამედ ქართულ სტუმართმოყვარეობის ტრადიციასაც არღვევს…“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.

„პრობლემა მგონია ელჩისთვის საკუთარი ნების გამოხატვის მცდელობა… დაძაბულობას თუ ვინმე უწყობს ხელს ჩვენსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შორის, ეს მხოლოდ არის „ქართული ოცნების“ ქმედებები. დაძაბულობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღვივებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული თავდასხმები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე… ელჩის მოვალეობა არის ამ ქვეყანაში შეხვდეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, ამიტომ ეს არის ელჩის ნება…“ – თქვა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ვიკა ფილფანმა.

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ხელისუფლების მაღალჩინოსნების კრიტიკის ობიექტია.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები მას ადანაშაულებენ საქართველოს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევასა და „ვენის კონვენციის“ დარღვევაში.

დიპლომატმა საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები არაერთხელ გამოხატა და პროტესტში ჩართულ მოქალაქეებსაც არაერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა უკმაყოფილებას ძირითადად ელჩის ეს ნაბიჯები იწვევდა.

20 ოქტომბერს გერმანიამ დიპლომატი ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია. მაშინ „ქართული ოცნება“ ბერლინის გადაწყვეტილებას სწორს უწოდებდა და იმედოვნებდა, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა ქართულ-გერმანული ურთიერთობების გადატვირთვის გზავნილი.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:10

ძველი ხიდი

spot_imgspot_img
Send this to a friend