საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა „20 ივნისის საქმეზეც”.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდების მხარის განმარტებით, გიორგი გახარიას მხრიდან არსებობს „ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე“ – ექსპრემიერი უკვე რამდენიმე თვეა, გერმანიაში, პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება.
მანამდე კი, 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეზე. ამ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
გიორგი გახარიას ადვოკატმა და მისივე პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს. მანვე გამორიცხა გიორგი გახარიას დაბრუნება „ბიძინა ივანიშვილის იურისდიქციის პირობებში“.
2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებსა და ე.წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა 12 ნოემბერს დაიწყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


