სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე კიდევ ერთი, მეცხრამეტე პირის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის გრძელდება კიდევ ერთი დაღუპულის სამძებრო სამუშაოები.
მანამდე კი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ნაპოვნია საჰაერო აპარატის შავი ყუთი. მან კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და საზოგადოებას მოუწოდა, არ ენდონ მათ, ვინც ცდილობს, მსგავსი შემთხვევები სოციალურ ქსელებში, მისივე სიტყვებით, „ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ“.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაასაჯაროვა ოცივე დაღუპული პირის ვინაობა. უწყების თანახმად, ქვეყნის შეიარაღებული ძალების კუთვნილ C130 ტიპის თვითმფრინავს გადაჰქონდა ავიაგამანადგურებლის, F16-ის სათადარიგო ნაწილები, ბორტზე კი იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ.
თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს ბაქოში მონაწილეობდნენ ყარაბაღისთვის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში. ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს განჯის აეროპორტიდან თურქული სამხედრო თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა.
თურქეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ავიაკატასტროფის ადგილზე საქართველოს ხელისუფლებასთან სრული კოორდინაციით მუშაობენ.


