ევროპა დემოკრატიის დაცვის ახალ სტრატეგიაზე გადადის – „ევროპული დემოკრატიის ფარი“ ასე ეწოდება ახალ ინიციატივას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მისი მთავარი მიმართულებებია დეზინფორმაციასთან ბრძოლა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა.
ევროკომისიაში განმარტავენ, რომ ამ ნაბიჯის აუცილებლობა პოლიტიკური კონფრონტაციის, რეგიონული და საერთაშორისო კონფლიქტების, ასევე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად წარმოიშვა – პროგრესმა, სარგებელთან ერთად, დემოკრატიაზე მზარდი საფრთხეებიც გამოავლინა. ბრიუსელში ამ საფრთხეების უკან ნათლად ხედავენ ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებიც მიზანმიმართულად უტევენ დემოკრატიულ ღირებულებებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი:
„დემოკრატია თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების ფუნდამენტია. „ევროპული დემოკრატიის ფარი“ გააძლიერებს იმ საკვანძო ელემენტებს, რომლებიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას იცხოვრონ საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. ეს მოიცავს სიტყვის თავისუფლებას, დამოუკიდებელ მედიას, მედეგ ინსტიტუტებსა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. სწორედ ეს არის ევროპის ძალა, და ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი კოლექტიური შესაძლებლობა, რათა დავიცვათ ეს ღირებულებები ნებისმიერ დროს.“
კაია კალასი, ევროკომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში:
„ლიბერალური დემოკრატია დარტყმის ქვეშაა. ვხედავთ კამპანიებს, მათ შორის რუსეთისგან ორგანიზებულს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების პოლარიზებას, ნდობის შერყევასა და პოლიტიკური გარემოს დაბინძურებას. „ევროპული დემოკრატიის ფარი“ არის პასუხი ამ გამოწვევებზე – ჩვენი დემოკრატიის ძირითადი ელემენტების დასაცავად: თავისუფალი მედია, ფაქტებზე დაფუძნებული დისკუსია და სამართლიანი არჩევნები. თუ გვინდა, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს, ის უკეთ უნდა დავიცვათ.“
ახალი სტრატეგია საინფორმაციო მანიპულაციებსა და დეზინფორმაციას მრავალმხრივად დაუპირისპირდება, როგორც ონლაინ, ისე ცოცხალ სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მედიაწიგნიერების ამაღლებას, უფრო მეტად ახალგაზრდებში. ასევე შემუშავებულია გეგმა სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად, რომელიც ხაზს უსვამს თითოეული მოქალაქის როლს დემოკრატიის გამყარებაში.
ჰენნა ვირკუნენი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში:
„კომისიამ ერთობლივად დაამტკიცა როგორც „ევროპული დემოკრატიის ფარის“ პროექტი, ისე ევროკავშირის ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ეპოქაში, სადაც დემოკრატიები ზეწოლის ქვეშ არიან. ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო, თუმცა გაცილებით დიდი ხანია, რაც ევროპულ კავშირს ჰიბრიდული თავდასხმებით, საინფორმაციო მანიპულაციითა და ჩარევით უტევს.
ამ საფრთხეებზე პასუხად, აუცილებელია დემოკრატიაზე ნდობის გაძლიერება და დაცვის მექანიზმების გამყარება. სწორედ ეს არის „ევროპული დემოკრატიის ფარის“ არსი – გააძლიეროს ნდობა დემოკრატიისა და მისი ინსტიტუტების მიმართ. სტრატეგია სამ საყრდენზე დგას:
1. საინფორმაციო სივრცის დაცვა;
2. დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება;
3. საზოგადოებრივი მედეგობის ზრდა.
ინფორმაციულ სიზუსტეზე საუბრისას უკვე გვაქვს ძლიერი სამართლებრივი ჩარჩო, ციფრული სერვისებისა და ხელოვნური ინტელექტის სახით. მათზე დაფუძნებით შეიქმნება ახალი პროტოკოლები კრიზისებზე სწრაფი და კოორდინირებული რეაგირებისთვის. დაიგეგმება დეზინფორმაციის „დემონეტიზაცია“ – დეზინფორმაციული კონტენტისთვის რეკლამიდან მიღებული შემოსავლის შეზღუდვით. გაძლიერდება ფაქტების გადამოწმების მექანიზმები და გაფართოვდება ევროპული ციფრული მედიის ჰაბები მონიტორინგის ახალ შესაძლებლობათა შესაქმნელად.
მეორე საყრდენი შეეხება თავისუფალი არჩევნებისა და დამოუკიდებელი მედიის უზრუნველყოფას. განახლდება რეკლამირების წესები, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ახალ გავლენიან ფიგურებს, როგორიცაა ინფლუენსერები. ასევე, ევროპული ფონდების საშუალებით გაძლიერდება მედიის მედეგობის პროგრამა.
დემოკრატიის მესამე საფუძველი არის ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. ახალი სტრატეგია მიზნად ისახავს ამ სექტორისთვის კოორდინირებული და ეფექტური მხარდაჭერის გაწევას.“
ახალი სტრატეგია გავრცელდება ევროკავშირის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებზეც. ნაბიჯები გაძლიერდება როგორც ეროვნულ დონეზე, ისე გაფართოების პაკეტში შემავალ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით. წარმატებულ მაგალითად სახელდება მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და იქ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიასთან ეფექტური წინააღმდეგობა.
ევროკომისარი დემოკრატიის, სამართლის, კანონის უზენაესობისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში,მიქაელ მაკგრათი:
„მსურს მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ჩვენი კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნები არ დარჩებიან ამ პროცესის მიღმა. ისინი იქნებიან ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორები. „ევროპული დემოკრატიის ფარი“ არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროკავშირის შიგნით – დემოკრატია იზრდება და ძლიერდება მაშინ, როცა გარშემორტყმულია სხვა დემოკრატიებით.
ჩვენ უკვე გვაქვს ევროკავშირის პირველი სტრატეგია სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, რომელიც აღიარებს იმ ადამიანების როლს, ვინც დემოკრატიას აცოცხლებს. სამოქალაქო საზოგადოებას უნდა შეეძლოს თავისუფლად საუბარი, უსაფრთხო გარემოში საქმიანობა და განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობა. როცა სამოქალაქო სივრცე ზღუდება, დემოკრატია სუსტდება.
მომავალ წელს შეიქმნება ახალი სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ორგანიზაციებს ევროკომისიასთან პირდაპირი დიალოგის წარმოება. ასევე შეიქმნება სპეციალური ჰაბი, სადაც განისაზღვრება საფრთხეები და შემუშავდება გადაჭრის გზები. დაფინანსება იქნება დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორის მთავარი საყრდენი, ხოლო ახალი სტრატეგია ხაზს უსვამს ევროპულ ფონდებზე გამარტივებულ წვდომას.
დემოკრატიის დაცვა გრძელვადიანი პროცესია – ეს არაა დანიშნულების ადგილი, არამედ უწყვეტი ბრძოლა. საფრთხეები არსად წავა, თუმცა კოორდინირებული ძალისხმევა, ინვესტიციები და ქმედითი ნაბიჯები გააძლიერებს დემოკრატიას და სტაბილურობას მომავალ თაობებისთვის. საკმარისია შევხედოთ ევროპის წარსულს ან პუტინის რუსეთს, რომ გვახსოვდეს, რას ნიშნავს ცხოვრება დემოკრატიის გარეშე. ეს ნამდვილად არ არის ლამაზი სურათი.
ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ ჰიბრიდულ ტაქტიკებს – ინფრასტრუქტურაზე შეტევებს, მიგრაციის პოლიტიზებას, ინფორმაციის მანიპულირებას, კრიმინალური ქსელების ჩართვას არჩევნებში და ჩარევისთვის სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებენ. მათი მიზანია მოქალაქეთა ნდობის შერყევა, განხეთქილების გაღვივება, არჩევნებზე ზეგავლენა და დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტება.
დღეს დემოკრატიებს ემუქრება დეზინფორმაცია, ალგორითმული მანიპულაცია, ფინანსური ზეწოლა მედიაზე და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება. უნდა დავიცვათ ფუნდამენტური უფლებები – თავისუფალი არჩევნები, მედიის თავისუფლება და უსაფრთხო სამოქალაქო სივრცე. ეს მხოლოდ ღირებულებები არ არის – ეს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზი. სწორედ ამიტომაც წარმოვადგენთ ამ პაკეტს.“
ბრიუსელმა დემოკრატიის გასაძლიერებლად სამი მთავარი ამოცანა განსაზღვრა: საინფორმაციო ეკოსისტემის გაჯანსაღება, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ახალი სტრატეგია, მიზნად ისახავს სტრატეგიულ კომუნიკაციებში გარდამტეხ ცვლილებებს – ჰიბრიდული და მავნე თავდასხმების საპასუხოდ მთელ ევროპულ კონტინენტზე.

