საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მიერ გაფართოების ფორუმზე საქართველოს დელეგაციის არ მიწვევის საკითხზე აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან დაპირისპირების გზას ირჩევს.
პარლამენტის სპიკერმა ევროკავშირის მართვის სტილი საბჭოთა კავშირის რეჟიმს შეადარა და თქვა, რომ ბრიუსელი საბჭოთა მოსკოვივით იქცევა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურები დიალოგის ნაცვლად არაევროპულ მეთოდებს ირჩევენ, რაც მისივე თქმით, პირველ რიგში ევროკავშირის იდეას აზიანებს.
„ორი საკითხია: ამჯერად უკვე პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. ასე რომ კიდევ ერთხელ საკუთარი პირით აღიარეს თუ რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ეს კიდევ ერთი დასტური და საკუთარი თავის მხილებაა.
მეორე – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც ასევე გახლავთ ბრიუსელის მხრიდან კიდევ ერთი ნიშანი ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა. ევროპული ღირებულება, ის, როგორც ჩვენ, ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ჩვენ ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, არის საუბარი და არა დირექტივები, არის სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. ბრიუსელი, დღეს, სამწუხაროდ, ამ ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები და რიტორიკა, რომელიც გვესმის ჩვენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ეს განცხადება პარლამენტის სპიკერმა გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერის გიომ მერსიეს განცხადების საპასუხოდ, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველო 18 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის. ასევე, მისი თქმით, ბრიუსელმა შეამცირა კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.

