ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, საქართველოს 2026 წლის ბიუჯეტი 35.5 მილიარდი ლარი იქნება. ეკონომიკური ზრდა წლიურ 5%-ში, ინფლაცია კი მიზნობრივ 3%-ში განისაზღვრება. რაში დაიხარჯება მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით, საშუალოდ 2.5 მილიარდი ლარით მეტი ბიუჯეტი, ამაზე პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა.
მომდევნო წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებები იქნება. მისი თქმით, პენსია 20 და 45 ლარით გაიზრდება. 10%-ით გაეზრდებათ ხელფასები საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოქალაქეებს. გაიზრდება განათლებისთის გამოყოფილი ხარჯებიც, მათ შორის სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის განახლებისთვის. ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ 3,5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯება თავდაცვაზე, პოლიციასა და უსაფრთხოებაზე.
„2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 35,5 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები. ბიუჯეტის პროექტით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს. ასევე, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 4%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 3,0%-ია; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს 3,6%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის – 3%-ის ფარგლებშია; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 10 900 დოლარს აჭარბებს; 2029 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 140,9 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 13 900 დოლარს გადააჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 26,8 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,2%-ია; ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 35%-ის ფარგლებშია. 2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით. ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს. საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1,7 მლრდ ლარამდე; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 500,0 მლნ ლარზე მეტი; საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 110,0 მლნ ლარი”, – განაცხადა მინისტრმა.
ბიუჯეტის პრიორიტეტების გაცნობისთვის, მინისტრს მადლობა გადაუხადეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. რამდენიმე მათგანმა ლაშა ხუციშვილს, თავიანთი შენიშვნები შეახსენა და ბიუჯეტის მიღებამდე მათი გათვალისწინება ისურვა.
„ყველა კომიტეტმა ჯამში 22 შენიშვნის პროექტი მოვამზადეთ და გადავეცით სამინისტროს და იმედი გვაქვს, რომ გარკვეული ცვლილებები გატარდება. მინისტრმა, შესანიშნავად წარმმოადგინა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი. ამ ბიუჯეტში, რომელიც უკვე გავიარეთ, არის 3 მილიარდი ლარით გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტი და 2 მილიარდ-ნახევრით არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს ზრდა არის ყველა მიმართულებით, არ არსებობს არც ერთი სამინისტრო, რომელსაც თანხა არ მოემატა, – განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.
წარმოდგენილ ბიუჯეტს სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატები. მათი განცხადებით, ეს ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ პარტიულ ინტერესებზეა მორგებული და მაგალითად, პენსიის 20 ლარით ზრდა, გაზრდილი ფასების ფონზე, პენსიონერი მოქალაქეების დაცინვაა.
„რა თქმა უნდა ამ ბიუჯეტს, ჩვენი საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა არ ექნება. იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტის რეალური ზრდა სახეზე გვაქვს, ის არ ხმარდება ხალხის ინტერესებს და გადაქცეულია პარტიული ინტერესების დაკმაყოფილებაზე. რატომ გყავთ სსიპ-ებსა და ააიპ-ებში დასაქმებული თქვენი პარტიული აქტივი? რატომ უხდით მათ არაფრის კეთებაში ამდენ ფულს და პენსიას სულ რაღაც 20 ლარით ზრდით. მაშინ, როდესაც ინფლაციის ფონზე ეს 20 ლარი პენსიონრამდე რეალურად ვერ მიდის და მას ინფლაცია „ჭამს“. ამას გარდა, სასაცილოა და მოქალაქეების დაცინვაა, როდესაც ქვეყანაში ხელფასი 1000 ლარზე დაბლა აქვს მოქალაქეების უმრავლესობას. როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა დღეს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლით? ამიტომ, თუ მართლაც ბიუჯეტი იზრდება, ეს მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ. ჩვენ შემოვიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით მინიმალური ხელფასის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება. იმედი არ გვაქვს, რომ მხარს დაუჭერთ ამ ინიციატივას“, – განაცხადა „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ.
როგორც წესი, პარლამენტი მომდევნო წლის ბიუჯეტს, საშემოდგომო სესიის ბოლო კვირაში, დეკემბრის თვეში იღებს. ჯერ უცნობია, რა ცვლილებები შევა დეპუტატების შენიშვნების ფონზე, 2026 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტში.
ავტორი: ალეკო გვეტაძე

