თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება და 12 დეკემბერს აინთება. ბოლო წლებისგან განსხვავებით, ორბელიანის მოედნის ნაცვლად, რესპუბლიკის მოედანზევე მოეწყობა ე.წ. „საშობაო ბაზარი“ და გაიმართება საახალწლო გალა-კონცერტი.
დედაქალაქის მერიის თანახმად, საახალწლო ღონისძიებებში 8 280 000 ლარი დაიხარჯება – უწყებამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
წლების განმავლობაში მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის შენობასთან ეწყობოდა, გარდა 2018-2019 წლებისა, როცა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
საზეიმო ვითარებაში პარლამენტთან დადგმული ნაძვის ხის ანთება ვერ მოხერხდა გასულ წელს, რუსთაველის გამზირზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი პროევროპული დემონსტრაციების გამო.
მაშინ „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, შსს-მ რუსთაველის გამზირზე სპეციალური დანიშნულების რაზმი განალაგა, მმართველი პარტიის იმდროინდელმა აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კი მომხრეებს დაშლისკენ მოუწოდა.


