მთავარისაქართველო„ქართულ ოცნებასთან“ საკონსტიტუციო დავას „ნაციონალური მოძრაობაც“ იწყებს

„ქართულ ოცნებასთან“ საკონსტიტუციო დავას „ნაციონალური მოძრაობაც“ იწყებს

უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანების რამდენიმე სარჩელი უნდა განიხილოს.

სამართლებრივი გზით „ქართულ ოცნებას“ მისი პოლიტიკური ოპონენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე მიზეზითა და არგუმენტით უპირისპირდება. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

„პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. „ღალატის კომისიის“ დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით…

მეორე ეტაპზე გასაჩივრდება და ამავე კვირაში შევა იმ კანონების ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელები, რომლითაც პრაქტიკულად, აუქმებს პარტიებს „ქართული ოცნება“…

მესამე ეტაპი არის საკუთრივ „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით. პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და „ქართულ ოცნებასთან“ ამ პოლემიკაში შესვლა…“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მათ მიერ სამართლებრივი პროცედურის ეროვნულ დონეზე დაწყების მოტივი არის შემდგომი დავის გაგრძელება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სარჩელს „ქართული ოცნება“ გარე დაკვეთების შესრულებად აფასებს:

„ის, რაც ამ ადამიანებმა წლების წინ ჩაიდინეს, ის რა პოლიტიკასაც აწარმოებენ, რა თქმა უნდა, მიმართული იყო ქვეყნის წინააღმდეგ, იყო ანტისახელმწიფოებრივი. დღესაც აგრძელებენ გარედან მიღებული დავალებების შესრულებას. ზუსტად ეს განცხადებაც, მათი ქმედებაც მიუთითებს იმას, რომ ეს ადამიანები არ ეკუთვნიან საკუთარ ხალხსა და ქვეყანას. ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენლები და ემსახურებიან გარედან მიღებულ დავალებას…“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი დარწმუნებულია, რომ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის ეს ნაბიჯი ქვეყნის მოსახლეობასაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, როგორც ამბობს, „მათ მიერ ჩადენილ ყველა ნაბიჯს გაახსენებს“:

„აქ კიდევ ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი, სკანდალური თემა იკვეთება – ეს გადაწყვეტილება, რომ სასამართლოში უნდა უჩივლონ „ქართულ ოცნებას”, უცხოელმა მეგობრებმა უკარნახეს. თვითონ სასამართლოში დავა პირიქით კარგია, იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას ის ფუნდამენტი და საფუძველი აქვს, რომელზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები.

ამაში მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებენ. ეს რეალობა სამწუხარო ფაქტია, თორემ სასამართლოში საქმის განხილვა უცხო არ არის და საერთოდ დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტია“…

მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები გაურკვეველია პარლამენტში ახლახან შესული ოპოზიციისთვის. გიორგი გახარიას გუნდი არც „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელში მოხვდა და არც პროკურატურის 6 ნოემბერს დაწყებული გამოძიების სამიზნედ ქცეულა. ამის მიუხედავად, ექსპრემიერის პარტიაში არ გამორიცხავენ სამართალწარმოება მათ წინააღმდეგაც დაიწყოს.

საკონსტიტუციო სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეტანილი აქვს ოპოზიციური „ლელოს“ კოალიციასაც, რომლითაც ისინი „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული სამართალწარმოების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.

კერძოდ, 4 ნოემბერს, მმართველმა პარტიამ, 88 დეპუტატის სახელით შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის მოთხოვნით. ამ საქმეს მოსამართლე ვასილ როინიშვილი განიხილავს, 2008-2009 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend