მთავარისაქართველო„მიწა-წყლის დასაცავად”- საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„მიწა-წყლის დასაცავად”- საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„მიწა-წყლის დასაცავად” – ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია გაიმართა კანცელარიასთან.  აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, გასაჯაროვდეს მთავრობასა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კომერციული საიდუმლოებაა.

მოქალაქეებს, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ, აქვთ კონკრეტული კითხვები და მოთხოვნები.

„აქ არის ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ არ ვიცით, რა ეკონომიკურ შედეგებს გამოიღებს ეს, აქ არის სოციალური პრობლემები, რადგან ფაქტობრივად იქმნება მდიდრების დასახლება, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს იმ სოციალური უთანასწორობის უფსკრულს, რაც არსებობს ქვეყანაში… მხოლოდ ნაწილია ეს პრობლემების”, – განაცხადა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის” წევრმა ვახუშტი მენაბდემ.

„იზოლაციის პირობებში რეჟიმს გაუჭირდა რესურსების მობილიზება, ამიტომ რეპრესიული მექანიზმის შენარჩუნებისთვის სჭირდება დამატებითი ფინანსები. თანახმაა ნებისმიერ, ქვეყნისთვის საზიანო გარიგებებზე წავიდეს სხვადასხვა ტიპის კომპანიებთან და სწორედ ასეთი ტიპის საქმეა ეს. ფაქტობრივად ერთი ტერიტორიის, მხოლოდ სიღნაღის ხელა ტერიტორიის განაშენიანება ხდება, 10 წლის წინ რომ საუბრობდნენ მიწა მხოლოდ ქართველებისააო, ეს პრინციპი სად წავიდა, ფაქტობრივად ამ ადამიანებისთვის სულერთია ეროვნული ინტერესები”, – ამბობს უფლებადამცველი ტატო ქელბაქიანი.

საქართველოს მთავრობამ არაბულ კომპანიასთან საინვესტიციო ხელშეკრულება 22 ოქტომბერს გააფორმა.

საჯარო ინფორმაციით, დეველოპერული კომპანია „იგლ ჰილსი“ საქართველოში, კერძოდ, თბილისსა და გონიოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ორ პროექტს განახორციელებს. გაფორმებული შეთანხმების თანახმად, საქართველო პროექტების პარტნიორი და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრეა.

იმ კითხვებს კი, რომელიც საზოგადოებაში პროექტთან დაკავშირებით გაჩნდა, მმართველ გუნდში ასე პასუხობენ:

„იგლ ჰილს საქართველოს“ პროექტი ის შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ პირველ ადგილზე სახელმწიფო ინტერესი დააყენა. ხელშეკრულებით სახელმწიფოს არცერთ ეტაპზე და არცერთ პუნქტში არ აქვს აღებული რაიმე სახის ფინანსური ვალდებულება, არ გაუცია ფინანსური გარანტია“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

„ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოდენობის – 6.5 მილიარდდოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას წაადგება, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა – მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“ – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ პროექტი ქვეყანას დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ოპონენტებს კი ამის არ სჯერათ და შესაძლო ეკოლოგიურ, იმიგრაციულ და დემოგრაფიულ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend