„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი არ აქვთ, თუმცა დავას მაინც იწყებენ, რადგან „ამ პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ევროსასამართლოში შემდომი სამართალწარმოების ეტაპზე.“
ლევან ბეჟაშვილმა თქვა ისიც, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელებს რამდენიმე ეტაპად შეიტანს და რომ პირველი ასეთი სარჩელი „ქართული ოცნების“ ინიციატივით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე შესულია.
„პარტიის მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეექმნა ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს – იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იმიტომ, რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, მეორე ეტაპზე ის კანონები გასაჩივრდება, რომლითაც ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს აუქმებს, მესამე ეტაპი კი, უშუალოდ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სარჩელი იქნება.


